პასუხი ნიკა გვარამიას შარლ მიშელის ოფისიდან – “მთავარი არხის” დამფუძნებელმა საპასუხო წერილი მიიღო

პასუხი ნიკა გვარამიას შარლ მიშელის ოფისიდან – მთავარი არხის დამფუძნებელმა პასუხი იმ წერილზე მიიღო, რომელშიც ევროკავშირს მისი პატიმრობის მიუხედავად საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სთხოვდა. ევროპული საბჭოს წერილში განმარტებულია, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიღებს მას შემდეგ, რაც პირობებს შეასრულებს.

“ძვირფასო ბატონო გვარამია, მადლობა თქვენი 6 ივნისის წერილისთვის, რომელიც განკუთვნილი იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისთვის. მოგეხსენებათ, 2022 წლის 17 ივნისს ევროკომისიამ წარმოადგინა თავისი მოსაზრებები ევროკავშირის წევრობის განაცხადების შესახებ, რომლებიც ევროსაბჭოში წარდგენილ იქნა უკრაინის, მოლდოვას რესპუბლიკისა და საქართველოს მიერ. ევროპულმა კომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, როგორც კი რამდენიმე პრიორიტეტი შესრულებული იქნება. 24 ივნისს ევროპულმა საბჭომ გამოთქვა მზადყოფნა მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი საქართველოს, როგორც კი ევროპული კომისიის რეკომენდაციებში მოყვანილი რამდენიმე პრიორიტეტი შესრულებული იქნება. ამ კუთხით, გადამწყვეტი იქნება პროგრესი ძირითადი რეფორმების პრიორიტეტების განხორციელებაში და მართლმსაჯულების რეფორმის დაჩქარება პარტიული თანამშრომლობის გზით. ნება მომეცით ხაზი გავუსვა, რომ ევროპულმა საბჭომ მკაფიოდ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოსა და მისი ხალხის მომავალი ევროკავშირთან არის დაკავშირებული. რაც შეეხება ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას, ევროკომისია მუდმივად უსვამს ხაზს, რომ საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა შესაბამისი მოქმედება, თუ ბატონ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ჩვენ გავაგრძელებთ მოვლენებზე დაკვირვებას და განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ ბატონ სააკაშვილის ფუნდამენტური უფლებების სრული პატივისცემის საკითხს.” – ნათქვამია წერილში

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share