გოგაშვილის დაკავება ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილებაა და გზავნილია ყველა ადამიანისთვის, რომ ხმის ამოღების შემთხვევაში, მათაც ასე მოექცევიან და სახლში შეუვარდებიან სპეცდანიშნულების რაზმით, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
მისი თქმით, გოგაშვილი მაშინ დააკავეს, როცა სისტემას საფრთხე შეექმნა.
„გოგაშვილი იმ სისტემის ნაწილი იყო, რომელიც ამ ქვეყნის დემოკრატიას ანგრევს და თითოეულ მოქალაქეს უსმენდა, აღარიბებდა, ჩაგრავდა. ის თვითონვე აღიარებს ამას, რომ თავს დამნაშავედ გრძნობს იმაში, რაზეც უნდა ისაუბროს. ივანიშვილმა ის მაშინ არ დააკავა, როცა მაჩალიკაშვილების ოჯახი გაუბედურდა, როცა კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობდა ვახა მაჩალიკაშვილი, მაგრამ დააკავა მაშინ, როცა ამ სისტემას შეექმნა საფრთხე. რა თქმა უნდა, ეს ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილებაა და გზავნილია ყველა ადამიანისთვის, რომ ხმის ამოღების შემთხვევაში, მათაც ასე მოექცევიან და სახლში შეუვარდებიან სპეცდანიშნულების რაზმით. ეს გზავნილია მოსამართლეებისთვისაც, გვარამიას საქმის მოსამართლე ჩხიკვაძეს რომ ის წერილი არ გამოექვეყნებინა, რითაც შეურაცხყოფა მიაყენა, როგორც აშშ- ის ელჩს, ისე მთლიანად ჩვენს პარტნიორ ქვეყანას, მეორე დილით, ალბათ, მის სახლთანაც სპეცდანიშნულების რაზმს ვიხილავდით. ეს არის ივანიშვილის მართვის სტილი, მას ადამიანები, რომლებიც მის გარშემო არიან, პირობითად, მინისტრები, უმრავლესობის წარმომადგენლები ჩათრეული ჰყავს დანაშაულებრივ მორევში და ამით მათ უთხრა – ნებისმიერ დროს – თქვენც ასე შემიძლია გამოგათრიოთ სახლისან სპეცდანიშნულების რაზმით,”- განაცხადა ბოტკოველმა.