ცენტრი ემპათია მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასკვნის გამოქვეყნების გასაჯაროების გადადების მიზეზად კლინიკა ვივამედში დამატებითი კვლევების ჩატარებას ასახელებს.
ირკვევა, რომ გასულ კვირას ქვეყნის მესამე პრეზიდენტს შვიდთვიანი დაგვიანების შემდეგ ის სამედიცინო პროცედურა ჩაუტარდა, რომელზეც ცენტრი ემპათია ჯერ კიდევ მაშინ საუბრობდა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა. ახლა ექსპერტები სწორედ ამ კვლევების შედეგებს ელოდებიან.
“მაშინ, როცა ჩვენი დასკვნა პრაქტიკულად იყო მზად, არ ვიცი რა მოხდა კლინიკურ სურათში, რაღაცამ შეაშფოთა კლინიკური ადმინისტრაცია და სასწრაფოდ წაიყვანეს და თოდუას ცენტრში გაუკეთეს ხელახალი კვლევა ამ მიმართულებით. აღმოჩნდა, რომ დასკვნა იყო ბევრად გაუარესებული, ვიდრე მარტის თვეში და მკურნალობის არაფერი ეტყობოდა ამ დასკვნას და ეს თვეები იყო დაკარგული. ეს ვივამედმაც გააცნობიერა, კვლევის დასკვნის შედეგად მიღებული ინფორმაციის გამო დასჭირდათ კიდევ რამდენიმე ახალი კვლევის ჩატარება, ჩვენ ახლა ამ პასუხებს ველოდებით”, – თქვა ლალი ჯავაშვილმა.
გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დასკვნის მომზადებაში უცხოელი ექსპერტები ერთვებიან. ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და გავლენიანი საექსპერტო ჯგუფი რამდენიმე დღეში საქართველოში ჩამოვა და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას პირადად გაეცნობიან.
“ამერიკელი ექსპერტების ჩამოსვლა დამოკიდებულია იმაზე, რომ ჯერ ექიმთა ასოციაციამ უნდა გასცეს თანხმობა. შეისწავლოს მათი დიპლომები, სერტიფიკატები და ამის შემდეგ მივმართავთ ჯანდაცვის სამინისტროს. წესით, თუ ხელი არ შეგვეშალა 2-3 დღის პროცედურაა ეს ყველაფერი”, – თქვა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ.
მესამე პრეზიდენტის საქმეში უცხოელი ექსპერტების ჩართვას მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა . ის ამ გადაწყვეტილებას მიესალმება. მიხეილ სააკაშვილის წერილში ნათქვამია, რომ რაც არ უნდა დაადგინოს ქართულმა სასამართლომ, მსოფლიო საბოლოოდ გაიგებს რეალურ სიტუაციას.