“ბებიაშენისგან” – ასე უპასუხა გია გაჩეჩილაძემ, იგივე “უცნობმა” “მთავარი არხის” ჟურნალისტის კითხვას, თუ საიდან ჰქონდა ის ფარული, უკანონო აუდიო ჩანაწერი, რომელიც გაასაჯაროვა.
საგამოძიებო სამსახურის დატოვების შემდეგ მან ჟურნალისტების არცერთ კითხვას არ უპასუხა.
“რამდენიც არ უნდა ილაპარაკო, რა გაგცემ პასუხს?! [აუცილებლად უნდა გაგვცეთ] აუცილებლად, შენ რომ გინდა ეგრე და მე არ მინდა რა, ილაპარაკე, აუ რა კარგად ლაპარაკობ”, – უთხრა “უცნობმა” ჟურნალისტს.
ადვოკატის განცხადებით, გია გაჩეჩილაძემ წყაროს არ გამჟღავნების უფლება გამოიყენა და მას ჩვენება არ მიუცია.
ცნობისთვის, “ქართული ოცნების” მხარდამჭერმა და პროპაგანდისტმა “უცნობმა” აუდიოჩანაწერები 13 ივლისს გაასაჯაროვა. აუდიოჩანაწერში ისმის გადაცემა Post Factum-ის ჟურნალისტებისა და პროდიუსერის საუბარი და გადაცემის დაგეგმვის პროცესი.
მათი საუბარი სავარაუდოდ 2021 წლის ნოემბრის დასაწყისში ჩაიწერეს, სწორედ ამ დროს არის გასული ის რეპორტაჟი, რომლის შესახებაც ისინი მსჯელობენ. სიუჟეტი სუს-დან გამოჟონილ ფაილებს ეხებოდა, კონკრეტულად როგორ იყენებს ხელისუფლება ნასამართლევ ადამიანებს არჩევნების დროს ხმების მოსაგროვებლად.
უკანონო მოსმენებზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო და მთავარი არხის თანამშრომლები გამოკითხა. ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებებიც.