მკაფიოდ გაემიჯნეთ დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას – ღარიბაშვილი ლეიენს

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს ვრცელ წერილს უგზავნის, რომელშიც ევროკომისიას სთხოვს მკაფიო პოზიცია გამოხატოს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად არის მოხსენიებული.

ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ რეზოლუცია ბევრ უზუსტობას შეიცავს:

“​მოხარული ვარ, რომ ევროპულმა კომისიამ და ევროპულმა საბჭომ ევროპარლამენტის ყოვლად უსაფუძვლო მოწოდება არ გაიზიარეს და პირადად თქვენ ამისათვის მადლობას გიხდით.

თუმცა, ევროპარლამენტის რეზოლუციის უარყოფითი გავლენის სრულად გასანეიტრალებლად, მნიშვნელოვანია, ევროპულმა კომისიამ მკაფიო პოზიცია გამოხატოს იმ უსაფუძვლო ბრალდებების მიმართ, რომლებიც რეზოლუციაშია გამოთქმული. ევროპული კომისიის მიერ მკაფიო პოზიციის გამოხატვა არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ქართველ ხალხს ევროპული სტრუქტურების მიმართ უსამართლობის განცდა არ გაუღრმავდეს და ოპოზიციის რადიკალურმა ფრთამ ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლარიზაციის გაღვივებისთვის არ გამოიყენოს.

გარდა ამისა, შეფასების დოკუმენტში, რომელიც ევროპულმა კომისიამ საქართველოსთან დაკავშირებით გამოაქვეყნა, უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით შედგენილი შეფასების დოკუმენტების ანალოგიურად, ნახსენებია სიტყვა დეოლიგარქიზაცია. ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები და ევროპარლამენტში მათი ლობისტები ამ ჩანაწერს აქტიურად იყენებენ და აღნიშნავენ, რომ ევროპულმა კომისიამ დეოლიგარქიზაციის დათქმა დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გამო შეიტანა. როგორც უკვე აღვნიშნე, ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკასა და მედიაზე არავითარ ფორმალურ თუ არაფორმალურ გავლენას არ ფლობს და ოლიგარქად ვერავითარი სამართლებრივი თუ პოლიტიკური კრიტერიუმით ვერ შეფასდება. აღნიშნულის საპირისპიროდ, საქართველოში არის კრიმინალური წარსულის მქონე რამდენიმე ფინანსურად შეძლებული პირი, რომელიც პოლიტიკასა და მედიაზე აქტიური გავლენით სარგებლობს და ამ გავლენას ოპოზიციის რადიკალური ფრთის სასარგებლოდ იყენებს. მე თქვენ ვერ მოგთხოვთ ამ პირების ოლიგარქებად გამოცხადებას. თუმცა, იმისათვის, რომ ევროპული კომისიის შეფასების დოკუმენტი არ იქნეს გამოყენებული მანიპულაციისა და საქართველოს მმართველობის სისტემის დისკრედიტაციისთვის, ჩემი თხოვნაა, კომისია მკაფიოდ გაემიჯნოს დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას. ამ შემთხვევაშიც, ევროპული კომისიის პოზიციის სიცხადე მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ არ დარჩეს სივრცე სპეკულაციებისთვის, ქართულ საზოგადოებაში შევინარჩუნოთ მაღალი ნდობა ევროპული სტრუქტურების მიმართ და ხელი შეეწყოს პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას საქართველოში”, – წერს ღარიბაშვილი.

ღარიბაშვილმა ფონ დერ ლეიენს წერილი 18 ივლისს გაუგზავნა. წერილის დიდი ნაწილი ბიძინა ივანიშვილს შეეხებოდა. ღარიბაშვილი განმარტავდა, რომ ივანიშვილი ოლიგარქი არ არის და “ევროპარლამენტის რეზოლუციის აღნიშნული ჩანაწერები არ ეფუძნება არავითარ დასაბუთებას და საქართველოში მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირებას ისახავს მიზნად”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share