აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს:
„ივლისური ფიქრები
———————-
არა აქვს მნიშვნელობა, რუსეთი გაიმარჯვებს, თუ დამარცხდება უკრაინასთან, ორივე შემთხვევაში იქცევა უზარმაზარ პოლიტიკურ-ეკონომიკურ შავ ხვრელად, რომელიც მისი გრავიტაციის ველში მოხვედრილ სახელმწიფოებს შეისრუტავს და გააქრობს. სანქციები გაგრძელდება გაურკვეველი ხანგრძლივობით, რაც რუსეთს აიძულებს ბუფერული “ოფშორების” ჩამოყალიბებას. ეს განხორციელდება რუსული სპეცსამსახურებითა და მათთან ასოცირებული ტექნიკური პერსონალით.
მესამე ეტაპზე კი რუსული კონსოლიდირებული ინფრასტრუქტურა შექმნის ბაზას პოლიტიკური მოთხოვნებისათვის, რასაც განახორციელებს ადგილობრივ პრო-რუსულ პოლიტიკურ დაჯგუფებებში ინტეგრირებით, როგორც ამომრჩეველი და ოფიციალური დამფინანსებელი.
ფსბ-ს ეს პროექტი მოიცავს როგორც კადრის ოფიცრებს, ასევე ათეულ ათასობით უნებლიე მოხალისესაც, რომლებსაც გარკვეული დროის შემდეგ გააერთიანებენ პროფესიონალი კოორდინატორები.
პროექტის ფარგლებში უხვად იქნება გაცემული ქრთამად კოლოსალური რაოდენობის უცხოური ვალუტა. ძირითადი ეკონომიკური ოპერაციები იქნება ე.წ. შავი ფულის რეცხვა და კონტრაბანდული ნაწარმის გადამისამართება რუსეთიდან და რუსეთის მიმართულებით შესაბამისი დოკუმენტაციების ჟონგლიორობით.
ცხადია, ეს უკანონო ფული არ და ვერ შეემატება ქვეყნის ბიუჯეტს. სამაგიეროდ ჩაილექება კონკრეტული პირების და პარაკრიმინალური დაჯგუფებების ჯიბეებში, რომლებიც ამ კაპიტალის მეშვეობით განუსაზღვრელი ვადით გაიხანგრძლივებენ პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ დომინაციას, მითუმეტეს, რომ არასასურველი პოლიტიკოსებისა და მედიის საკონტროლოდ მათ ადვილად შეეძლებათ საქართველოში მყოფი ფსბ-ს კადრების გამოყენება.
ეს არის ის რეალობა, რომელიც ამჟამად ვითარდება საქართველოში და სასურველია რომ გონიერმა ახალგაზრდებმა გაიაზრონ.
ევროკავშირმა გააცნობიერა რა, რომ თავისი რეკომენდაციების მინიმუმ ორი ძირითადი მუხლი, პირველი და მეექვსე, დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია შეუსრულებადია, კანდიდატობის სტატუსის განხილვა გაურკვეველი ვადით გადადო. ეს ნიშნავს რომ საქართველო ჩაიხსნა ევროპული გრავიტაციის ველიდან. ამერიკაში შიდა პოლიტიკური ვითარება იმდენად რთული იქნება მიმდინარე ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის ფონზე შემდეგი ორი წელიწადი, რომ საქართველოსათვის ნაკლებად ეცლებათ.
უკრაინის ომის შედეგებს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ლოგიკურად ნულოვანი ეფექტი ექნება საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობაზე.
იფიქრეთ … ეს ყველაფერი კარგა ხანია გაცდა კონკრეტული პოლიტიკური პირების და პარტიების ინტერესებს და ეგზისტენციალურ პრობლემად იქცა ქართული სახელმწიფოსათვის. ეს მარტო პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესი არ გახლავთ, ეს დემოგრაფიული დივერსიაა, დიდი ხელოვნური გადარჩევა, რომელიც აბსოლუტურად ყველა სტრუქტურას და პარამეტრს შეცვლის დაახლოებით 20-30 წლის განმავლობაში.
გამოსავალი თავადაც იცით ..
იფიქრეთ .. იმოქმედეთ ..“, – წერს ზურაბ გურული.