დაპაუზდება თუ არა პოლიტიკური პროცესები შემოდგომამდე – „ოცნებამ“ რიგგარეშე სესიებში მონაწილეობაზე უარი თქვა

„ქართული ოცნების” მიერ რიგგარეშე სესიაში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო, კვორუმი არ შედგება, შესაბამისად, პლენარული სხდომები აღარ გაიმართება. მმართველმა გუნდმა რიგგარეშე სხდომებში მონაწილეობაზე უარი იმით ახსნა, რომ ამ პროცესის მიზანი არა ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულება, არამედ ოპოზიციის მხრიდან პოლარიზაციის გაღრმავების მცდელობაა. თავად ოპოზიცია კი საპასუხოდ ამბობს, რომ „ოცნება” ამით საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს ბოიკოტს უცხადებს.

ანალიტიკოსთა შეფასებით, დიდი ალბათობით პოლიტიკური პროცესები შემოდგომამდე დაპაუზდება, ხოლო, სამუშაოები კომიტეტების დონეზე გაგრეძელდება. რაც შეეხება ოპოზიციას, ექსპერტებისვე შეფასებით, ზაფხულში რაიმე ტიპის აქტივობებს არც ისინი არ დაიწყებენ, თუმცა, თუ მაინცდამაინც გააქტიურდნენ, ეს მათთვისვე წამგებიანი იქნება, რადგან ახლა საზოგადოების განწყობები ისეთია, რომ მნიშვნელოვანი საპორტესტო მუხტის აგორებას ვერ შეძლებენ.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის მოთხოვნა გაითვალისწინა და რიგგარეშე სესია 18 ივლისიდან მოიწვია. „ქართული ოცნების” წევრმა დეპუტატმა გივი მიქანაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პროცესის მიზანია არა ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულება, არამედ პოლარიზაციის გაღრმავება. მანვე აღნიშნა, რომ ოპოზიციის დღის წესრიგი რეგლამენტის მოთხოვნებს არ შეესაბამება.

მისივე შეფასებით, გამომდინარე იქიდან, რომ „ქართული ოცნება” პარლამენტის სხდომას არ დაესწრება და კვორუმი არ შედგება, სესია ვერ გაიხსნება.

„18 ივლისიდან მოწვეულ ე.წ. რიგგარეშე სხდომასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ პარალელურ, მოგონილ საბოტაჟურ და შედეგთან მიმართებით უპერსპექტივო პროცესში მონაწილეობას. ჩვენი ფრაქციის 81 წევრიდან რიგგარეშე სესიაში მონაწილეობას არავინ მიიღებს.

„დღის წერიგში მოცემული ოთხივე საკითხი, საკომიტეტო მოსმენაზე არაა განხილული. რეგლამენტის მიხედვით კი, სანამ სესიაზე მოხდება საკითხის განხილვა, უნდა ხდებოდეს მისი გატანა კომიტეტზე და მისი მხარდაჭერის შემდეგ ეს საკითხი გადის სხდომაზე”,- აცხადებს მიქანაძე.

რამდენიმე დღის წინ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა (საპარლამენტო „გირჩისა” და „მოქალაქეების გამოკლებით), პრეზიდენტს სესიის მოსაწვევად და 12-დან 4 საკითხის განსახილველად წერილობით მიმართეს, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ ოთხი საკითხი, რომელიც ოპოზიციის მიმართვაში იყო ჩამოწერილი, როგორც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, პირველი ეხებოდა საკონსტიტუციო საკითხებს, რაც 12 პუნქტის ნაწილში არ შედის.

„საპარლამენტო საქმიანობა მიმდინარეობს. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ საპარლამენტო საქმიანობაში ოპოზიციის ნაწილია ჩართული, ხოლო ოპოზიციის ნაწილი უარს აცხადებს მუშაობაზე. რიგგარეშე სესიის მოწვევით, ისე ხდება წარმოჩენა, რომ ოპოზიციის ამ ნაწილს, რომელიც სესიას იწვევს, მუშაობა სურს და სხვას – არა. რეალობაში პირიქითაა, საპარლამენტო მუშაობა მიდის და ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტირებს ამ საპარლამენტო სამუშაოს.

„ის ოთხი საკითხი, რომელიც თქვენს მიერ პრეზიდენტის მიმართ მიმართვაში იყო ჩამოწერილი, როგორც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, პირველი ეხებოდა საკონსტიტუციო საკითხებს, რაც არ შედის 12 პუნქტის ნაწილში. მეორე საკითხი, საერთო სასამართლოებზე ეწინააღმდეგება 12 პუნქტს, ის გულისხმობს იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევის გადავადებას.

„პირიქით, ევროკომისია გვთხოვს, რომ ავირჩიოთ არამოსამართლე წევრები. მესამე საკითხიც საერთო სასამართლოების ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ვინაიდან ითვალისწინებს უვადოდ დანიშნული მოსამართლეების გათავისუფლების მექანიზმის შემოღებას.

„მეოთხე საკითხი, რაც ანტიკორუფციულ საკითხებს შეეხება, იმდენად მოცულობითი საკითხია, კომიტეტშიც არ არის განხილული. ეს საკითხი არის 12 პუნქტში, მაგრამ ის საკითხია, სადაც თანამშრომლობაა საჭირო. საერთო ჯამში, ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება პროცესის ინკლუზიურობას და თანხმობისკენ მიმართვას. როგორ წარმოგიდგენიათ ინკლუზიურობა, როდესაც მზა კანონპროექტების მიღებას გვთავაზობთ, მათ შორის, რომელიც ეწინააღმდეგება 12 პუნქტს და საქართველოს კონსტიტუციას.

„ნაცვლად იმისა, რომ იმ ინკლუზიური პროცესის მონაწილეები იყოთ, რომელიც პარლამენტმა დაიწყო, სურათის წარმოჩენა, რომ პარლამენტი არ მუშაობს და ახლა უნდა დაიწყოს მუშაობა საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა. მინდა ყველას მოვუწოდო, ნუ უცხადებენ ბოიკოტს საპარლამენტო მუშაობას, რომელიც მიმდინარეობს”,- აღნიშნავს პაპუაშვილი.

როგორც პაპუაშვილი განმარტავს, პარლამენტის მუშაობას ადასტურებს ის ფაქტი, რომ საგაზაფხულო სესიის დასრულების შემდეგ 7 კომიტეტის სხდომა ჩატარდა, ამასთან, უკვე ჩატარდა 5 სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 12 პუნქტის გარშემო.

„ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ საგაზაფხულო სესიის დასრულების შემდეგ 7 კომიტეტის სხდომა ჩატარდა, აქამდე უკვე ჩატარდა 5 სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 12 პუნქტის გარშემო, კომიტეტის სხდომებიც ამას ეძღვნებოდა. დღეს, მაგალითად, თავდაცვის კომიტეტს აქვს ჩანიშნული სხდომა, სადაც განიხილება ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც 12 პუნქტის ერთ-ერთი ნაწილია, ხვალ იურიდიულ კომიტეტს ექნება დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა”,- აღნიშნავს პაპუაშვილი.

„ქართული ოცნება” ბოიკოტს უცხადებს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს – ეს არის პუტინის დავალებით მოქმედი დაჯგუფება, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უმრავლესობა კონსტიტუციით და რეგლამენტით გათვალისწინებულ პროცედურებს უცხადებს ბოიკოტს, როცა რიგგარეშე სესიაში მონაწილეობაზე უარს ამბობს.

„პირდაპირ ეთერში ხედავთ „ქართული ოცნების” სრულ ლუსტრაციას. ჩვენ ოპოზიციის უპრეცედენტო ერთობით შევთავაზეთ კონსტიტუციით და კანონით გარანტირებული რიგგარეშე სესიის, კომიტეტების და პლენარული სხდომების ჩატარება ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად, ისინი კი დესტრუქციას აწყობენ და ბოიკოტი გამოუცხადეს პლენარულ სხდომებს, კონსტიტუციით და რეგლამენტით გათვალისწინებულ პროცედურებს და დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ბოიკოტს უცხადებენ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს.

„წარმოიდგინეთ, რა მძიმე დღეში არიან, სასესიო სხდომაზე მიდის ოპოზიცია, ამბობს, განვიხილოთ ნებისმიერი საკითხი, რაც 12 პუნქტით არის გათვალისწინებული და მიედ- მოედებიან, რაღაც არგუმენტებს იშველიებენ, მათთვის სამუშაო პროცესია ის კვაზი კომისიები, რომელიც რეგლამენტით გათვალისწინებული არ არის და სამუშაო პროცესია სამუშაო ჯგუფებში „ბუჩქნიაობა”, მათთვის უსაქმურობაა კონსტიტუციით და რეგლამენტით გათვალისწინებული საკომიტეტო მოსმენები და რიგგარეშე სხდომები. ჩვენ, ოპოზიცია გავაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას.”- განაცხადა ვაშაძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან” აცხადებს, რომ პოლიტიკური პროცესები შემოდგომამდე დაპაუზდება, თუმცა, თუ მაინცდამაინც ოპოზიციამ რაიმე ტიპის აქტივოიბები დაიწყო, ახლა საზოგადოებაში ამის განწყობები არაა და ოპოზიციისთვისვე იქნება წამგებიანი.

„არა მგონია, რომ ოპოზიციამ ამ ეტაპზე რაიმე ტიპის აქტივობები დაიწყოს, ალბათ პროცესები დაპაუზდება და ყველაფერი შემოდგომისთვის გადავა. ეს სწორიც იქნება, რადგან ამ ეტაპზე არც საზოგადოება და არც განწყობები, რაიმე მნიშვნელოვან საპრორესტო მუხტის აგორებას და გამოსვლებს ხელს არ უწყობს.

„თუ ოპოზიცია ამ ნაბიჯს მაინც გადადგამს, ეს მისთვის კიდევ ერთი მარცხი იქნება, რაც შემოდგომაზე დაგეგმილ, ან მოსალოდნელ აქტივიობებს უბრალოდ დააზიანებს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს პროცესი შეჩერდება.

„ის, რომ„ოცნებამ” რიგგარეშე სეწსიის მოწვევაზე უარი თქვა, ეს მოსალოდნელი იყო, რადგან ეს მას ხელს ნამდვილად არ აძლევს. თავისთავად აბსურდია ის განცხადება, რომ ეს პოლარიზაციას ხელს შეუწყობდა, რადგან პოლარიზაცია ისედაც არის, რიგგარეშე იქნება თუ რიგითი, პარლამენტმა მუშაობა ხომ უნდა დაიწყოს.

„პოლარიზაცია ამ ეტაპზე გაღრმავდება და „ოცნება” ამიტომ არ იღებს მონაწილეობას? და სექტემბერში, რომ პრლამენტი მუშაობას დაიწყებს, ყველაფერი მოწესრიგებული იქნება? ეს უბრალოდ არ მესმის. ამიტომაც გასაგებია, რომ რიგგარეშე სესიის მოწვევა არ უნდათ. როგორც ჩანს საქმე უფრო სხვაგვარადაა.

„ქართულ ოცნებას” იმ 12 პუნქტიდან გამომდინარე გადაწყვეტილებები შეუძლია, რომ ოპოზიციის გარეშე მიიღოს, ამიტომაც საშემოდგომო სესიას დაელოდება და გადაწყვეტილებებს იმის მიხედვით მიიღებს თუ საქართველოში და ჩვენს პარტნიორებთან მიმართებაში პოლიტიკური ამინდი როგორი იქნება და როგორც მისთვის მომგებიანი იქნება. აქედან გამომდინარე, ოპოზიციას დაფიქრება მართებს რა და როგორ გააკეთოს.

„ევროკავშირისთვის და პარტნიორებისთვის „ქართული ოცნებისგან” უცხო არც არაფერია. გარდა ამისა, „ოცნება” აცხადებს, რომ კომიტეტებში და ჯგუფებში ვმუშაობთო, გრაფიკი არსებობს.”- განაცხადა მან.

ამბობს, რომ ოპოზიციამ რიგგარეშე სესიის მოწვევასა და წაყენებულ საკითხებთან მიმართებაში თავიდანვე შეცდომა დაუშვა და არასწორი დღის წესრიგით წარსდგა.

„ოპოზიცია რიგგარეშე სესიის მოწვევის დროს თავიდანვე არასწორი დღის წესრიგით წარსდგა, მას პირველი სხდომა იმით არ უნდა განესაზღვრა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განეხორციელებინათ, რომელიც არჩევნებს და ბარიერს ეხება, და ა.შ. ამაზე “ოცნება” უბრალოდ არ წავა.

„თუ „ოცნება” ამაზე გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს არც წელს და არც მომავალ წელს არ იქნება. ეს 2024 წლის არჩევნების წინ გაზაფხულზე მოხდება, როცა გამოიკვეთება „ოცნებისთვის” უმჯობესი რა იქნება, დატოვოს 5%-იანი ბარიერი თუ დასწიონ.

„ამ ეტაპზე „ოცნებას” ამ გადაწყვეტილების მიღება არც უნდა და არც ხელს არ აძლევს, ამიტომ როცა ასეთ დღის წესრიგს სთავაზობ, ბუნებრივია, რომ „ქართული ოცნება” ამაზე არ დათანხმდება.

„მნიშვნელოვანი იქნებოდა ოპოზიციას პირველი საკითხი განესაზღვრა სამოქმედო გეგმის შეთანხმებასთან და პარლამენტში მისი დამტკიცებასთან დაკავშირებით, რომ ეს პოლიტიკური სპექტრის ერთიანი სამოქმედო გეგმა ყოფილიყო და არა „ოცნების”. დღეს ხელუსუფლებას, ოპოზიციას და არასამთავრობოებს თავიანთი გეგმები აქვთ, ამათი განხილვა და შეჯერება უნდა მომხდარიყო და შემდეგ ამ 12 საკითხთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფები პარლამენტს შეექმნა და არა „ქართულ ოცნებას”.

„დღეს „ქართული ოცნება” ოპოზიციას თავისი გეგმის მიღებას სთავაზობს და თუ ეს დღის წესრიგი იქნებოდა, რაც აღვნიშნე, ოპოზიციას სალაპარაკო მეტი ექნებოდა და უფრო პოზიტიურად გამოჩნდებოდა, ვიდრე ის, რაზედაც ახლაა საუბარი”,- განაცხადა ძაბირაძემ.

როგორც ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან” აცხადებს, ის, რომ მმართველმა გუნდმა რიგგარეშე სესიებში მონაწილეობაზე უარი თქვა, სწორი გადაწყვეტილებაა, „ოცნება” კანონის შესაბამისად მოქმედებს.

„მმართველი გუნდი კანონის ზუსტ ანბანს მიჰყვება, განხილვები კომიტეტების დონეზეა და თუ შეთანხმება კომიტეტების დიონეზე მიიღწევა, შემდეგ საპარლამენტო სესია მოდის. ოპოზიციას და მით უმეტეს სალომე ზურაბიშვილს, რომელიც საგანგებო სხდომას იწვევს, კანონმდებლობა არ ესმით, ეს კი მათი პრობლემაა.

„თუმცაღა, კანონი ზუსტად უნდა აღსრულდეს, თუნდაც რეფორმებში და სხვადასხვა საკითხებში. თუ დესტრუიქციული ოპოზიციონერები და სამწუხაროდ კანონში დაკარგული პრეზიდენტი ზურაბიშვილი ამას ვერ ითვალსიწინებენ, ეს მათი სერიოზული პრობლემაა”,- განბაცხადა მან.

კითხვაზე როგორი შეიძლება იყოს პოლიტიკური ზაფხული, აბაშიძემ განაცხადა:

„სირცხვილია” ცხელ პოლიტიკურ ზაფხულს გვპირდება, რომელსაც თავად „ნაციონალები” აბულინგებენ და შესაძლოა მათ მთავრობის სახლთან, პრემიერის პირად საცხოვრებელ სახლთან, ან სხვაგან გარკვეული ობსტრუქციები მოაწყონ, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა და შედგი არ ექნება.

„ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ საკუთარი ნება არჩევნებიდან არჩევნებამდე დააფიქსიროს, ოპოზიციისგან ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა წამგებიანია, ეს სრული სიბრიყვე და პოლიტიკური გაუთცვითცნობიერებლობაა.

„დაველოდოთ, შესაძლოა ოპოზიციამ გადაწყვიტოს, რომ იყოს ე.წ. ცხელი ზაფხული, ე.წ. ცხელი შემოდგომა და ე.წ. ცხელი ზამთარი, მაგრამ მგონია, რომ რადიკალებისთვის და რევანშისტებისთვის ეს არაფრის მომტანი არ იქნება”,- განაცხადა აბაშიძემ.

rezonansi.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share