გოგაშვილები მთელი 5 წელი მაშავებდნენ, მაგრამ გულის სიღმეში მეტკინა კიდეც, გოგაშვილის ცოლს და შვილებს ასე რომ ექცეოდნენ – მაჩალიკაშვილი

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი სუსის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის დაკავებას გამოეხმაურა. მისი თქმით, როდესაც გოგაშვილის დაკავების კადრები ნახა, გულის სიღრმეში ეტკინა, რომ ქალებს და ბავშვებს ასე ექცეოდნენ.

„დღეს გოგაშვილის დაკავება ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის უმნიშვნელოა, როგორც ასეთი სამართალს ეზეიმა თემირლანთან დაკავშირებით, ასე არ არის. იმიტომ, რომ გოგაშვილი სხვა საქმეზეა დაკავებული. ის ადამიანი არის იმ უწყებიდან, სადაც იმალება 10 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მიერ ჩადენილი სიბინძურე.

მის ყოველ განცხადებას გულისყურით ვუსმენდი. მისგან არასდროს გამიგია, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელი ეხსენებინა. როცა ახსენა, ის დააკავეს. ეს დაკავება იყო ადამიანებისთვის, რომ ვინც კი მის წინააღმდეგ წავიდოდა, დასჯიდნენ.

გოგაშვილი ის პირი იყო, რომელიც მთელი 5 წლის განმავლობაში მე და ჩემს ოჯახს გვაშავებდა, მთელ რიგ ტყუილ ინფორმაციას ავრცელებდნენ. როდესაც მისი ცოლი, მისი შვილი, ყველა ერთად ამბობდნენ ტერორისტი მაჩალიკაშვილი, ტერორისტი თემირლანი. ამ კადრებს ვუყურებდი, მისი მეუღლე, პატარა ბავშვები, მე ეს გავლილი მქონდა. არა როგორც გოგაშვილს ექცეოდნენ, არამედ მასზე 10-ჯერ მეტი სისასტიკით. აქედან გამომდინარე, სადღაც გულის სიღრმეში მეტკინა კიდეც, ქალებს და ბავშვებს ასე რომ ექცეოდნენ“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

ცნობისთვის, სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს. როგორც სუსში აცხადებენ, გოგაშვილის სახლში ჩხრეკის ოპერაცია მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა და საქმე ეხება არა ახალ, არამედ მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიებას.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share