ზურაბ ბატიაშვილი – ამერიკა ისევ ამერიკა იქნება

საერთაშორისო საკითხებში ექსპერტის, ზურაბ ბატიაშვილის განცხადებით, ის მოვლენები, რომელიც აშშ-ში ხდება, საერთაშორისო არენაზე მის გავლენას ვერ შეასუსტებს, რადგან ეს არის პატარა რყევისა და სიტუაციის უბადრუკი არევის მცდელობა.

„ეს არის სიტუაციის არევის უბადრუკი მცდელობა, მაგრამ აშშ-ს აქვს ძალიან ძლიერი ინსტიტუტები ჩამოყალიბებული, რომელსაც შესწევს უნარი, რომ ქვეყანაში სიტუაცია სტაბილურად შეინარჩუნოს და მოხდეს ხელისუფლების გადაბარება, ისე როგორც ეს შეერთებული შტატების კონსტიტუციით არის განსაზღვრული და რომელიც ითვალისწინებს ხელისუფლების 20 იანვარს გადაბარებას. ამას ხელს ვერაფერი შეუშლის, რადიკალური ჯგუფების მიერ რა მცდელობაც არ უნდა იყოს. აშშ-ს ეს პატარა რადიკალური ჯგუფები, ძირითადად, მარგინალიზებული ჯგუფები არიან, ვერ შეცვლიან იმ სისტემას, რომელიც იქ არსებობს. ჯორჯ ბუშმა ბანანის რესპუბლიკასთან ამ მოვლენების შედარებით გამოხატა ამერიკის საზოგადოების დამოკიდებულება ამ მოვლენების მიმართ. თუ შევხედავთ რამდენია აშშ-ს მოსახლეობა და რამდენია საპროტესტო გამოსვლებზე მონაწილეთა რაოდენობა, ძალიან დიდი განსხვავებაა. ეს არ არის მასობრივი, ეს არ არის საერთო სახალხო მოძრაობა, ეს არის პატარა მარგინალიზებული ჯგუფები, რომელიც ცდილობენ სიტუაციის არევას. სამწუხაროა, რომ მსხვერპლიც არსებობს. მათი მცდელობა, რომ შეცვალონ და არიონ სიტუაცია, რელსებიდან გადაიყვანონ აშშ-ი, არ გამოუვათ. აშშ საზოგადოება არ არის მზად და არ ემხრობა ასეთი სახის მარგინალიზებულ ჯგუფებს, მათ გამოსვლებსა და საზოგადოების მხრიდან არ არის აღქმული როგორც პროტესტი. ამერიკა ისევ ამერიკა იქნება და მე იმედი მაქვს, რომ 20 იანვრის შემდეგ უფრო ძლიერი ამერიკა იქნება, დაბრუნდება ის ძველი ამერიკა, რომელიც მთელ მსოფლიოში იქნება დემოკრატიული საზოგადოებისა და თანამეგობრობის ლიდერი და რომელიც ყველას წაუძღვება დემოკრატიის გზაზე. მათ შორის, მის ნათქვამს მსოფლიოსთვის არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარების თვალსაზრისით, ლეგიტიმურობა არ დაეკარგება”, – განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share