აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურამ გამოძება დაიწყო და ტელეკომპანია პირველის დამფუძნებელი, ვატო წერეთელი გამოკითხვაზე დაიბარა. ინფორმაციას მისი ადვოკატი, კახა წერეთელი ავრცელებს.
“დაწყებულია გამოძიება ძალადობის ფაქტზე. მოწმის სახით, რა თქმა უნდა, დაბარებულია ბატონი ვახტანგი. მასაც, ბუნებრივია, აქვს სურვილი, რომ სრული სურათი აღუწეროს გამოძიებას. შესაბამისად, დღეს 18:00 საათზე გამოვცხადდებით პროკურატურაში და მივცემთ დეტალურ განმარტებას”. – ამბობს კახა წერეთელი ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში.
ვატო წერეთელი აშშ-ს საელჩოს მიმართავს, პროკურატურას კამერების ჩანაწერი გადასცენ.
“პროკურატურას მოუწია საქმის აღძვრა. ასევე მოუწევს ყველა დამნაშავის გაშვება ციხეში, იქ არ იყო მარტო ოხანაშვილი. მათი [ციხეში გაშვება], ვინც განახორციელა ჯგუფური თავდასხმა. აშშ-ს საელჩოს კიდე ერთხელ მივმართავ – ნუ გახდებით თანამომაწილე, აუცილებლად, დაუყოვნებლივ მიაწოდეთ პროკურატურას მასალები, რომ გასაჯაროვდეს ძალადობის კადრები”. – ამბობს წერეთელი.