თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესია ჩანიშნული. სხდომა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით უნდა გაგრძელდეს.
უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე პროცესი გადაიდება.
ადვოკატების შეფასებით, საქმე პოლიტიკურია და სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთის შესრულებას გააგრძელებს.
“სავარაუდოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობა მიხეილ სააკაშვილს არ მისცემს საშუალებას, მიიღოს პროცესში მონაწილეობა და სავარაუდოა, რომ პროცესი გადაიდება, თუმცა იმ პერიპეტიების გათვალისწინებით, რაც ამავე საქმეზე ჩვენ გამოგვიცდია, მათ შორის კლინიკაში, პალატაში სტუმრობა და იქ პროცესის ჩატარების მცდელობა, გამორიცხული არ არის, სასამართლოზე ბრალდებამ მსგავსი შუამდგომლობა კვლავ დააყენოს. ბუნებრივია, ეს არის პოლიტიკური საქმე, იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ შემთხვევაში სამართლდება მხოლოდ იმიტომ, რომ ის საქართველოში დაბრუნდა”, – თქვა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ.