საზღვრის კვეთის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი გადაიდო. მიზეზი ისევ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაა, რაც მიხეილ სააკაშვილს სხდომაში მონაწილეობის შესაძლებლობას არ აძლევს.
პროცესზე მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს დაცვის მხარემ კლინიკა “ვივამედის” ცნობა წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, “პაციენტს აღენიშნება ძლიერი საერთოდ სისუსტე, თავს გრძნობს ცუდად, უჭირს გადაადგილება, ძირითადად მწოლიარეა, რის გამოც მიზანშეწონილი არ არის მისი მონაწილეობა სასამართლო პროცესში”.
მოსამართლემ მომდევნო სხდომა 24 აგვისტოს, 13:00 საათზე ჩანიშნა.
შეგახსენებთ, საქმეზე გამოძიება გასული წლის 1-ელ ოქტომბერს დაიწყო. მიხეილ სააკაშვილს პროკურატურა სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთას ედავება.