მოგვისმენია ევროპარლამენტარებთან ერთგვარი პინგ-პონგი, არის რაღაცები რაც არ შეიძლება ითქვას – ზურაბიშვილი

ჩვენ მოგვისმენია ევროპარლამენტარებთან ერთგვარი პინგ-პონგი, არის რაღაცები რაც არ შეიძლება ითქვას, მაგალითად ბრალდებები იმაზე, რომ ევროკავშირი ჩვენგან ელოდება მეორე ფრონტს – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში, ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ, დელეგაციის ხელმძღვანელ დევიდ მაკალისტერთან ერთობლივ ბრიფინგზე.

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ხელისუფლება ანტიევროპული განცხადებებისთვის, ევროდეპუტატების თანდასწრებით გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ქვეყანამ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობა:

“ევროპული პერსპექტივა, რომელიც მოგვენიჭა ევროპარლამენტის და ასევე ევროპული საბჭოს მიერ, არის უაღრესად მნიშვნელოვანი რამ. ზოგჯერ ჩვენ ეს გვავიწყდება და ვერ ვხედავთ, რომ ეს არის გადადგმული ნაბიჯი, რომელზედაც უკან დახევა არ იქნება, მაგრამ რომელიც მოითხოვს ჩვენგან, ვიყოთ ღირსნი ამ ევროპული პერსპექტივის.” თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, უმნიშვნელოვანესია დაიწყოს ევროკომისიის მიერ გაწერილი 12 პუნქტის შესრულებაზე მუშაობა. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ეს მუშაობა უნდა დაიწყოს ბრიუსელში ვიზიტით ხელისუფლების მხრიდან. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა ამ პროცესში ხელისუფლების პასუხისმგებლობა, თუმცა არანაკლები როლი დააკისრა ოპოზიციასაც:

“უნდა დაიწყოს მუშაობა. ეს მუშაობა უნდა დაიწყოს ჯერ ერთი ბრიუსელში, სადაც მე კიდე ველოდები, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები წავიდნენ, რომ კომისიასთან გაარკვიონ ზოგიერთ დეტალი, როგორ უნდა შესრულდეს ნაწილი ამ პუნქტების, უნდა დაიწყოს პარლამენტში და მე ამისთვს მოვაწერე ხელი საზაფხულო სესიის დანიშვნის განცხადებას, რამეთუ როცა გვაქვს 6 თვე, სრულიად გაუგებარია და მე მგონი ევროპარლამენტარი მეგობრებისთვსაც გაუგებარია, რომ ჩვენ არ დავიწყოთ ახლავე მუშაობა.

ერთად მუშაობა ნიშნავს პარლამენტში, სესიის ფორმით, კომიტეტებში, ან პლენარულ სხდომაზე და ასევე ხელისუფლების მიერ, უმრავლესობის მიერ წარდგენილ სამუშაო ჯგუფებში. ყველამ ყველგან უნდა იმუშაოს. იმაზე უარის თქმა და ამაზე კი, არ გამოვა ასე. თუ ჩვენ რეალურად გვინდა ის, რასაც რეალურად უჭერს მხარს ჩვენი საზოგადოების 85%

მხოლოდ მუშაობა, ერთად მუშაობა, იმის გარკვევაში, რაში ვეთანხმებით და არ ვეთანხმებით ერთმანეთს, ეს ცალ ცალკე არ ხდება. აქ არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა პირველ რიგში უმრავლესობის, რამეთუ მთავარი ბერკეტები არის მათი პარლამენტში იქნება თუ მთავრობაში, მათ ხელშია მიღწევა ამ კანდიდატურის, ასევე ამას სჭირდება კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც ყველაფერზე არ დაიწყებს ოპონირებას, მაგრამ მთავარი პასუხისმგებლობა და ესეც კარგად იცის მოსახლეობამ, არის ხელისუფლების.” ამბობს ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლების პირველი პირების ანტიევროპულ განცხადებებსაც გამოეხმაურა:

“ჩვენ მოგვისმენია ევროპარლამენტარებთან ერთგვარი პინგ-პონგი. მე ისიც ვთქვი, რომ შეიძლება ზოგჯერ ჯობდეს, რომ პასუხები არ იყოს და მოვუწოდე, რომ ჩვენ გადავიყვანოთ ეს დიალოგი ცოტა სხვა ფორმებში, მაგრამ მივმართავ ხელისუფლებას, არის რაღაცები რაც არ შეიძლება ითქვას, არის რაღაცა ბრალდებები მაგალითად იმაზე, რომ ევროკავშირი ჩვენგან ელოდება მეორე ფრონტს და ომს, ეს არის მიუღებელი. არ შეიძლება ამ პირობებში დავიწყოთ რამე ფორმით დიალოგი იმ ადამიანებთან, რომლებიც აქ ჩამოდიან იმისთვის, რომ გვაჩვენონ რომ მხარს უჭერენ ამ რთულ პროცეს, რომელიც მიგვიყვანს კანდიდატის სტატუსამდე” განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოში ევროპარლამენტარების დელეგაცია იმყოფება, რომელსაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი დევიდ მაკალისტერი ხელმძღვანელობს. მის შემადგენლობაში ასევე არიან, ვიოლა ფონ კრამონი, სვენ მიქსერი, ზელიანა ზოვკო, ტერი მარიანი და ასიტა კანკო.

საქართველოში ვიზიტი მათ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრით დაიწყეს. ევდროდეპუტატები ასევე შეხვდებიან მმართველი გუნდის წევრებს, ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორს.

შეხვედრებზე განხილვის მთავარი თემა სწორედ ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება იქნება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share