“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ელოდა აშშ-ის ელჩი, კელი დეგანანი უარყოფდა ნიკა გვარამის საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვძის ბრალდებებს. მისი აზრით, ფაქტი საელჩომ ან მკაფიოდ უნდა უარყოს, ან ვიღაცამ პასუხისმგებლობა უნდა იყოს თანამშრომლის მხირდან ქართველ მოსამართლეზე ზეწოლასთან დაკვშირებით.
“სასამართლო რომ თავს იცავს ზეწოლისგან, ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, ამას ვერავინ ვერ დაარქმევს რა თქმა უნდა, რეალურად, ობიექტურად, კამპანიას ვინმეს წინააღმდეგ. თუ სასამართლოზე ხორციელდება ზეწოლა და სასამართლო ამისგან თავს იცავს, ეს არის აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენა. […]
რაც შეეხება თვითონ სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხს, მე ველოდი მკაფიო განმარტებას და უარყოფას იმისა, რომ ასეთი ჩარევა არ მომხდარა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს წარსულში, როდესაც იყო კამპანია ამ ზეწოლასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ის საელჩოდან არავინ ამას არ იკადრებდა, შესაბამისად, სწორედ ასეთ პასუხს ველოდით ამერიკის ელჩისგან, რომ ის დარწმუნებული იყო, რომ აშშ-ის საელჩოში ეს არავის უკადრია, შესაბამისად, ვფიქრობდი, რომ ის უარყოფდა იმ ბრალდებას, რაც გაისმა მოსამართლე ჩხიკვაძის მხრიდან, თუმცა ეს არ მოვისმინეთ, რაც არის ძალიან დამაფიქრებელი და ძალიან შემაშფოთებელი, კიდევ ერთხელ, ჩვენთვის საინტერესოა მივიღოთ მკაფიო პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა, განხორციელდა თუ არა ზეწოლა, თან ასეთი უხეში ფორმით, როგორზეც საუბრობს მოსამართლე ჩხიკვაძე, ან უნდა იყოს ეს ფაქტი უარყოფილი მკაფიოდ და ცხადად, ან უნდა ვიღაცამ აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ განხორციელდა კონკრეტული თანამშრომლის მხრიდან ზეწოლა ქართველ მოსამართლეზე”, – თქვა კობახიძემ.
კელი დეგნანის წინააღმდეგ მიმართული კამპანია მას შემდეგ გაძლიერდა, რაც “ოცნებას” ე.წ. ტრიო გამოეყო. ხუნდაძე-სუბარი-ყაველაშვილის საერთო და ინდივიდუალურ განცხადებებში სწორედ დეგნანისა და ზოგადად აშშ-ს საწინააღმდეგო გზავნილები იკითხება.
რამდენიმე დღის წინ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ჩხიკვაძის განცხადება გავრცელდა, რომელიც აშშ-ის საელჩოსგან პასუხებს ითხოვს. “ოცნება” და მისი პარტნიორი პოლიტიკოსები აშშ-ს საელჩოს ამჯერად მართლმსაჯულებაში ჩარევაში სდებენ ბრალს.