შეხვდა თუ არა კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილს? – ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებები

„ქართული ოცნებიდან“ წასული მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, რომელიც ცნობილი სამეულიდან (ყაველაშვილი, ხუნდაძე, სუბარი) ერთ-ერთია ვინც ამერიკის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს, ღიად უპირისპირდება, აცხადებს, რომ დეგნანი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა, თუმცა არ ამბობს, კონკრეტულად რა საკითხებზე ისაუბრეს ოლიგარქმა და დეგნანმა.

ყაველაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ოპოზიციის წარმომადგენლები აფასებენ და აცხადებენ, რომ თუ მსგავსი სახის შეხვედრა მართლაც შედგა, ეს იმას ნიშნავს, რომ სწორედ ივანიშვილია ის ადამიანი ვინც რეალურად მართავს ქვეყანას და არა ისინი, რომლებიც მმართველ თანამდებობებს იკავებენ.

„ბატონ ყაველაშვილს ვკითხავდი, თუ ბიძინა ივანიშვილი ხვდება ოფიციალურად ამერიკის ელჩს რაღაც საკითხებზე, ეს ადასტურებს თუ არა იმ ფაქტს, რომ ბიძინა ივანიშვილი  იღებს მმართველობით საქმიანობაში მონაწილეობას?

თავისთავად ეს ფაქტი, რომ უკვე ივანიშვილი ელჩებს ხვდება, ნიშნავს იმას, რომ ის მართავს ამ ქვეყანას და ეს არის დამაზიანებელი ქვეყნისთვის, რასაც ყველა ვეწინააღმდეგებით“, – აცხადებს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი თამარ კორძაია.

კორძაიასგან განსხვავებით, ივანიშვილის და დეგნანის შეხვედრაში ეჭვი არ შეაქვთ ენმ-ში, ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – ს წარმომადგენლის, რომან გოცირიძის განცხადებით, კელი დეგნანმა კარგად იცის ვინ არის რეალურად ქვეყნის მმართველი და ვის უნდა შეხვდეს  ის.

„იცის ამერიკის ელჩმა ვის შეხვდეს, ვინ არის რეალური მმართველი, ვინ არის ოლიგარქი, ვინ მართავს ამ ქვეყანას არაფორმალურად და ვინ არის გადაწყვეტილებების მიმღები. შეხვდა გადაწყვეტილების მიმღებს და არა იმ ბუტაფორიას, რომლებიც მთავრობაში და პარლამენტში არიან წარმოდგენილი. მჯერა რომ იქნებოდა სანქციებზე საუბარი და ამიტომაც ატეხა ეს ანტიდასავლური ისტერია, თუმცა რაც არ უნდა გააკეთოს, მას ეს სანქციები არ ასცდება“, – განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, ივანიშვილისა და დეგნანის შეხვედრასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, აშშ-ს საელჩოს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

cnews.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share