უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთი უკრაინაში ცდის ყველა სახის იარაღს, რომლის გამოყენებაც ევროპის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ შეუძლია.
“როდესაც ჩვენ მივმართავთ პარტნიორებს ამა თუ იმ თხოვნით, ამა თუ იმ რჩევითა თუ მოთხოვნით, ეს ეფუძნება უკრაინის გამოცდილებას – იმას, რაც უკვე განვიცადეთ. რუსეთი უკრაინაში ცდის ყველაფერს, რისი გამოყენებაც შესაძლებელია ევროპის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. ეს დაიწყო გაზის ომით და დასრულდა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შემოჭრით, სარაკეტო ტერორით და გადამწვარი ქალაქებით. იმისთვის, რომ ეს სხვას არ დაემართოს, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ხელშესახები ერთობლივი გამარჯვება უკრაინაში რუსეთზე. რაც უფრო ადრე გაკეთდება ეს, მით ნაკლები ზიანი და ტანჯვა ექნება ყველა ევროპულ ოჯახს, ყველა ევროპულ ქვეყანას”, – თქვა ზელენსკიმ.