“ძირითადი თემა იყო ჩემი შვილი… ევროპარლამენტარებმა კლინიკაში შესვლის სურვილი გამოთქვეს…რომ თავის თვალით ნახონ და დარწმუნდნენ რა მდგომარეობაშია”- გიული ალასანია

გიული ალასანიას ინფორმაციით, ევროპარლამენტარებმა მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში მონახულების სურვილი გამოთქვეს, თუმცა რამდენად მოხერხდება ეს და რამდენად მისცემენ ევროდეპუტატებს მესამე პრეზიდენტთან შესვლის უფლება, ალასანიასთვის უცნობია:

“ძირითადი თემა იყო ჩემი შვილი, მისი ჯანმრთელობა, სურვილიც აქვთ, რომ შევიდნენ და შეხვდნენ, არ ვიცი რამდენად მოხერხდება დღეს ეს, თუ მიიღებენ ამის ნებართვას, იმიტომ, რომ დღემდე რაც იყო პრეცედენტები ვიცით, არავინ არ შეუშვეს, იქნებ დღეს მოხდე სასწაული და რომელიმე პარლამენტარი მიიღონ იქ, რომ თავის თვალით ნახონ და დარწმუნდნენ რა მდგომარეობაშია.
საკმარისად ინფორმირებულები არიან, დეტალურად იციან რა ხდება ჩვენთან” ამბობს გიული ალასანია.

შეგახსენებთ, საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროდეპუტატები, სვენ მიქსერი და ვიოლა ფონ კრამონი გუშინ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს, შალვა ხაჭაპურიძეს, შვილს – ედუარდ სააკაშვილსა და ექიმს, ოთარ თოიძეს შეხვდნენ და დეტალურად მიიღეს ინფორმაცია მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ევროპარლამენტარებთან დააყენა საკითხი, რომ მათი წარმომადგენელი დაესწროს მესამე პრეზიდენტის სასამართლო სხდომებს, რათა უკეთ ინფორმირებისთვის, საკუთარი თვალით ნახოს როგორ მიმდინარეობს პროცესები.

ხაჭაპურიძის თქმით, ევროპელი დეპუტატები დაინტერესდნენ, როგორ შეიძლება მოხდეს სასჯელის გადავადება:

“ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ ის სიტუაცია, სადაც მე ავღწერდი, რომ ვიზუალურად იგი გამოიყურება როგორც გარდაცვლილი ადამიანი, სახე, ხელები, დაადასტურა ეს და თქვა, რომ მასაც გააჩნია ანალოგიური ინფორმაცია სახალხო დამცველისგან. ისინი დაინტერესდნენ რა სამართლებრივი მექანიზმები არსებობს იმისთვის, რომ მოხდეს სააკაშვილის სასჯელის გადავადება. დაინტერესდნენ ვადებით,  მე ვუთხარი, რომ დაახლოებით 2-3 კვირა იქნება ეს ვადა სანამ ჩვენ სასამართლოში შევიტანთ, თუ ევროკავშირის წარმომადგენლები და სახელმწიფო უზრუნველყოფს იმას, რომ დარბაზში როდესაც შევალთ დაგვხვდება მოსამართლე, რომელიც დაიცავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ჩათვალეთ, სააკაშვილი იქნება გარეთ”- ამბობს შალვა ხაჭაპურიძე. 

გუშინდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ, კომენტარი გააკეთა სვენ მიქსერმაც, რომელმაც განაცხადა, რომ შეშფოთებული არიან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share