“ქართული ოცნების” დეპუტატი, თამარ ტალიაშვილი ფიქრობს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებაში “მთავარი ხაზი” საქართველოსა და ამერიკის მჭიდრო თანამშრომლობა იყო.
საუბარია განცხადებაზე, რომლითაც პრაისმა აშშ-ის ელჩის წინააღმდეგ მმართველი პარტიის კამპანიას მწვავედ უპასუხა და თქვა, რომ “დეზინფორმაცია და ელჩ დეგნანზე პერსონალური თავდასხმები არ შეესაბამება პარტნიორების მუშაობას”.
სახ. დეპის პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ “საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ცდილობს, ხელი შეუშალოს მოსახლეობას ევროინტეგრაციისკენ სწრაფვაში”.
“ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ნებისმიერი ბუნდოვანება კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, შეიძლება მხოლოდ დამაზიანებელი იყოს საქართველოსა და ამერიკის მეგობრობასთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, ყველა კითხვაზე რა თქმა უნდა პასუხი უნდა იქნეს გაცემული. ნედ პრაისის განცხადებაში მთავარი, გენერალური ხაზი არის საქართველოსა და ამერიკის მჭიდრო თანამშრომლობა”, – ამბობს ტალიაშვილი.