საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროდეპუტატები, სვენ მიქსერი და ვიოლა ფონ კრამონი გუშინ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს, შალვა ხაჭაპურიძეს, შვილს – ედუარდ სააკაშვილსა და ექიმს, ოთარ თოიძეს შეხვდნენ და დეტალურად მიიღეს ინფორმაცია მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ევროპარლამენტარებთან დააყენა საკითხი, რომ მათი წარმომადგენელი დაესწროს მესამე პრეზიდენტის სასამართლო სხდომებს, რათა უკეთ ინფორმირებისთვის, საკუთარი თვალით ნახოს როგორ მიმდინარეობს პროცესები.
ხაჭაპურიძის თქმით, ევროპელი დეპუტატები დაინტერესდნენ, როგორ შეიძლება მოხდეს სასჯელის გადავადება. საუბრის ძირითადი თემა, ჰუმანიტარული მისიით, მესამე პრეზიდენტის ქვეყნიდან გაყვანის შესაძლებლობები იყო:
“ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ ის სიტუაცია, სადაც მე ავღწერდი, რომ ვიზუალურად იგი გამოიყურება როგორც გარდაცვლილი ადამიანი, სახე, ხელები, დაადასტურა ეს და თქვა, რომ მასაც გააჩნია ანალოგიური ინფორმაცია სახალხო დამცველისგან. ისინი დაინტერესდნენ რა სამართლებრივი მექანიზმები არსებობს იმისთვის, რომ მოხდეს სააკაშვილის სასჯელის გადავადება. დაინტერესდნენ ვადებით, მე ვუთხარი, რომ დაახლოებით 2-3 კვირა იქნება ეს ვადა სანამ ჩვენ სასამართლოში შევიტანთ, თუ ევროკავშირის წარმომადგენლები და სახელმწიფო უზრუნველყოფს იმას, რომ დარბაზში როდესაც შევალთ დაგვხვდება მოსამართლე, რომელიც დაიცავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ჩათვალეთ, სააკაშვილი იქნება გარეთ”- ამბობს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე.
მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას თქმით, ევროპარლამენტარებმა მიხეილ სააკაშვილთან კლინიკაში შესვლისა და მისი მონახულების სურვილი გამოთქვეს.