“ქართული ოცნების” წევრი, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებზე თავდასხმა არ ყოფილა და სინამდვილეში, დასავლელ პარტნიორებს მათ “რადიკალური ოპონენტები” ესხმიან თავს.
“ოცნებამ” განცხადებების შინაარსი მას შემდეგ შეცვალა, რაც საქართველოში აშშ-ს ელჩის მიმართ მმართველი პარტიის რიტორიკაზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა კრიტიკული განცხადება გააკეთა.
“საქართველოს ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენლის მხრიდან არ ყოფილა თავდასხმა შეერთებული შტატების მთავრობის წარმომადგენლებზე და ეს გამორიცხულია მომავალშიც. ვფიქრობ, ამაზე ხაზგასმით, ამის თქმა უბრალოდ შეუძლებელია.
მესმის, რომ ძალიან უნდა რადიკალურ ოპოზიციას. სინამდვილეში, რასაც თვითონ აკეთებენ ამ წლების განმავლობაში, თავს ესხმიან, მართლაც შეურაცხყოფას აყენებენ დასავლეთს, ელჩებს, სურთ, რომ ეს გადმოაბრალონ ქართულ ოცნებას”, – თქვა არჩილ თალაკვაძემ.
კიდევ ერთი დეპუტატი, რომელიც “ქართული ოცნების” მხრიდან აშშ-ის ელჩზე თავდასხმებს უარყოფს ირაკლი ქადაგიშვილია.
“არც ერთ ოფიციალურ პირს ასეთი განცხადება არ გაუკეთებია, ეს ერთი. მეორე – რაც შეეხება იმას, რომ ის ბუნდოვანება, რაც ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს, აშშ-სა და ევროკავშირს შორის ჩამოყალიბდა, ამ ბუნდოვანებას ნათელი უნდა მოეფინოს. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს არც თავისი საგარეო და საშინაო პოლიტიკური კურსი ამ დროს განმავლობაში არ შეუცვლია”, – თქვა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე, ნედ პრაისი საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიმართ “ქართული ოცნების” ბოლოდროინდელ რიტორიკას გამოეხმაურა და თქვა, რომ “დეზინფორმაცია და ელჩ დეგნანზე პერსონალური თავდასხმები არ შეესაბამება პარტნიორების მუშაობას”.
სახ. დეპის პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ “საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ცდილობს, ხელი შეუშალოს მოსახლეობას ევროინტეგრაციისკენ სწრაფვაში”.