საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის მოადგილემ, სოსო გიორგაძემ თანამდებობა დატოვა.
ინფორმაცია თავდაპირველად საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა სამინისტროზე დაყრდნობით და „ნეტგაზეთს“ სამინისტროს პრესცენტრში დაუდასტურეს.
მაუწყებელი კულტურის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ სოსო გიორგაძე სხვა უწყებაში განაგრძობს მუშაობას.
სოსო გიორგაძე წულუკიანის მოადგილე მისი იუსტიციის მინისტრობის დროსაც იყო.
იუსტიციის სამინისტროს სისტემაში იგი 2013 წლიდან მუშაობდა. სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურს, შემდგომ კი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.
2019 წლის ივნისიდან 2020 წლამდე, მინისტრის მოადგილის პოსტის დაკავებამდე, იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
თეა წულუკიანმა უკვე წარადგინა ახალი მოადგილე, ირაკლი გივიაშვილი.