კონფლიქტოლოგი, ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებებს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ დადებითად აფასებს. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს იმიჯის გადასარჩენად სწორ ნაბიჯებს დგამს.
ამასთან, ექსპერტი ამბობს, რომ პრეზიდენტი საქართველოსთვის დასავლეთის იმიჯის შენარჩუნებას ცდილობს.
„ყველაზე უარესი იქნებოდა, ალბათ პრეზიდენტს მხარი დაეჭირა „ქართული ოცნებისთვის“. ჩვენთვის ყველასთვის მოულოდნელად, საქართველოს პრეზიდენტი სწორ ნაბიჯებს დგამს საქართველოს იმიჯის გადასარჩენად და პროევროპული, პროდასავლური დემოკრატიული ინსტიტუტების არდასაკარგავად.
მისი ნაბიჯები და „ქართული ოცნების“ კრიტიკა კარგია. დასავლეთი საქართველოსთვის ზრუნავს და არა „ქართული ოცნებისთვის“. პრეზიდენტი ნამდვილად ცდილობს საქართველოს შეუნარჩუნოს დასავლეთის იმიჯი და არა „ოცნების“. ბიძინა ივანიშვილს დღეს ვერავინ ვერ აკონტროლებს. დღეს არის აბსოლუტური ვერტიკალი, ის აკონტროლებს ყველაფერს.
ბოლშევიზმი ეს არის ყველაზე საშინელი სენი და ნომერ პირველი პრობლემა საქართველოში. „ოცნება“ ჩაკეტილია, არ შეიძლება მათში იყოს ნაპრალი. მათ სურთ, სალომე ზურაბიშვილი მთლიანად მათ მხარეს იყოს. ოპოზიციამ სალომე ზურაბიშვილის რესურსი უნდა გამოიყენოს“, – აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.
პაატა ზაქარეიშვილის თქმით, მმართველი პარტია ელჩებზე თავდასხმით ცდილობს, დასავლეთს ინტერესი დააკარგვინოს საქართველოს მიმართ.
ექსპერტი ოპოზიციას „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობისკენ მოუწოდებს და დასძენს, რომ ოპოზიციამ „ოცნება“ უნდა გააშიშვლოს.
„დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, რათა კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ. ეს სამარცხვინო კამპანია ელჩების წინააღმდეგ, ეს არის აღვირახსნილი კამპანია სახელმწიფოების წინააღმდეგ. ეს კეთდება იმისთვის, რომ დასავლეთმა ინტერესი დაკარგოს ჩვენს მიმართ. ოპოზიციაც უნდა წავიდეს დათმობაზე. მაგრამ თუ არ შეხვალ დისკუსიაში, დიალოგში ყველაფერს შენ დაგაბრალებს. საჭიროა ოპოზიციის თანამშრომლობა „ქართულ ოცნებასთან“, ვიღაცამ თავი უნდა გაწიროს. თანამშრომლობაა საჭირო იმისთვის, რომ „ოცნება“ გააშიშვლო.
საზოგადოებაში განწყობა არ არის ვადამდელი არჩევნების. საზოგადოებაში მართლა არის მიუღებლობა არსებული სიტუაციისა, მაგრამ ვერ ხედავენ გამოსავალს. უნდა მოვემზადოთ მორიგი არჩევნებისთვის. ოპოზიცია უნდა ემზადებოდეს არჩევნებისათვის. საჭიროა ოპოზიციამ იმუშაოს იმაზე, როგორ დაძლიოს სიღარიბე. ხალხს აქვს მოლოდინები. დავანებოთ საბჭოთა კავშირზე ფიქრს თავი“, – დასძენს ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში.