“გლობალურმა ზეწოლამ კრემლი აიძულა, პორტების განბლოკვის შეთანხმებაზე ხელი მოეწერა”

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის თქმით, რუსეთს დათმობაზე წასვლა და უკრაინული პორტების განბლოკვა დასავლეთის ქვეყნების ზეწოლამ აიძულა.

“ეს შეთანხმება შედგა იმიტომ, რომ, ვფიქრობ, რუსეთმა საბოლოოდ იგრძნო გლობალური შეურაცხყოფის ცხელი სუნთქვა. ახლა რუსეთის ვალდებულებაა, რომ რეალურად შეასრულოს შეთანხმება”. – თქვა ნულანდმა.

ნულანდი აღნიშნავს, რომ მოლაპარაკების პირობებში მარცვლეულით დატვირთული გემების მონიტორინგის ნაწილი ძალიან ზუსტად და სწორად არის გაწერილი. ნულანდმა ასევე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ რუსეთის ქმედებებმა არამხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში გამოიწვია სასურსათო კრიზისი.

ამერიკელმა მაღალჩინოსანმა გაიხსენა, რომ რუსეთი მსოფლიოს საკუთარი სასუქისა და მარცვლეულის ექსპორტზე ვერგატანის გამოც უჩიოდა, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს სანქციები ამ პროდუქტების მიწოდებას არ კრძალავს. ნულანდის აზრით, ეს შესაძლოა დაკავშირებული იყოს იმ ფაქტთან, რომ სანქციების გამო, მოსკოვს გადამზიდავების დაქირავება უჭირდა.

22 ივლისს მხარეებმა უკრაინის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმების ფარგლებში, უკრაინა ქვეყნიდან დაახლოებით 20 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტზე გატანას შეძლებს.

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის სიტყვებით, შეთანხმება, რომელსაც ხელი რუსეთმა, უკრაინამ, გაერომ და თურქეთმა მოაწერეს, ომში “იმედის შუქურაა”. თუმცა, გუტერეში აღნიშნავს, რომ მიუხედავად შეთანხმებისა, წინარე პროცესი საკმაოდ რთული და გრძელვადიანი იყო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share