“მთელ აფხაზეთში მასშტაბური აქციები მიმდინარეობს”

როგორც ცნობილია, საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკი და მის გარშემო 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთის ფედერაციას გადაეცემა.

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში მოსკოვთან შეთანხმების ტექსტი უკვე გადაგზავნილია. დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფო აგარაკის ყველა შენობა-ნაგებობა რუსეთის ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება გახდება, ხოლო მიმდებარე მიწები ოკუპანტ ქვეყანას 49-წლიანი იჯარით გადაეცემა.

ტერიტორიის გადაცემის შესახებ შეთანხმება მოსკოვში 2022 წლის 19 იანვარს გააფორმეს, მაგრამ ეს ცნობილი 11 ივლისს გახდა, როდესაც დოკუმენტის განხილვა დე ფაქტო პარლამენტში დაიწყეს.

აღნიშნულის გამო, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაძაბული ვითარებაა. მოსახლეობა ე.წ. მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებს.

“ამჟამად მთელ აფხაზეთში მიმდინარეობს მასშტაბური აქციები ბიჭვინთასთან დაკავშირებით, კონკრეტულად კი იმის გამო, რომ რუსეთის ფედერაციას 186 ჰექტარი მიწა გადასცეს. ხალხი ამის წინააღმდეგია, ამიტომ გროვდება ხელმოწერები, იმართება აქციები, რომლებშიც ყველა ოპოზიციური პარტია მონაწილეობს. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ამ ტერიტორიაზე, რომელსაც ახლა რუსეთს აძლევენ 60 ოჯახი ცხოვრობს, მათ ინტერესს არავინ ითვალისწინებს, ახლა მთელი აფხაზეთი ფეხზე დგას, ყველა ეწინააღმდეგება ამას”, – ამბობს ბლოგერი, დაურ ბუავა.

საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ამ დრომდე განცხადება არ გაუვრცელებიათ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share