ზურაბიშვილის ნათქვამმა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, სტრასბურგში ხელი შეგვიშალა – წულუკიანი

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, მაშინ, როდესაც სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს შეტანილი სარჩელი განიხილებოდა, არ ახსენდება, სალომე ზურაბიშვილს დახმარება შემოეთავაზებინოს. წულუკიანის თქმით, ზურაბიშვილმა პირიქით, ხელი შეუშალა ქართულ მხარეს.

“ჩვენ ის ხელისუფლება ვართ, რომელიც რუსეთს ელოლიავება კი არა, ერთიმეორის მიყოლებით მის წინააღმდეგ დავები ვაწარმოეთ და ეს დავები მოვიგეთ. აქედან გამომდინარე, არ ვიცი, სალომე ზურაბიშვილი სად ხედავს ლოლიაობას. არ მახსენდება მისგან შემოთავაზებული არცერთი დახმარება, როდესაც მე, როგორც იუსტიციის მინისტრი და სახელმწიფოს წარმომადგენელი მხარე სტრასბურგში ვიცავდი ქართველი ჯარისკაცის, პროკურორის, პოლიციის, ყველაფრის ინტერესს. ზურაბიშვილისგან ხელის შეშლის მეტი არაფერი მახსენდება, ეს არასოდეს მითქვამს. მახსენდება ერთი კონკრეტული, მწარე შემთხვევა, როდესაც სტრასბურგში ჩემი იურისტები მყავდა გაგზავნილი, უწყებათაშორისი შტაბი გვქონდა შექმნილი აგვისტოს ომის საქმეზე. რუსები ამტკიცებდნენ – თქვენ მოიგონეთ, თავს დაგვესხით, ისკანდერი გორში არ ჩამოგვიგდია, ეს ფოტოშოპიაო და ა.შ. და გამოდის ქალბატონი სალომე, რომელიც ამ დროს უკვე არის პრეზიდენტობის კანდიდატი და ამბობს, ომი ჩვენ დავიწყეთო. ეს ჩემთვის სერიზოული ხელის შეშლა იყო. მე ეს მისთვის არასოდეს მისაყვედურია და რაკი იმაზე მიდგა საქმე, ვის რა სურს და ვინ ვის ელოლიავება, ეს არის ჩემი სერიოზული პრეტენზია. ამიტომაც უნდა ვიყოთ ყველა ფრთხილად, როდესაც ვიცით, რომ სადღაც დავა მიმდინარეობს საერთაშორისო დონეზე, რაღაც განცხადბებისგან თავი შევიკავოთ, მითუმეტეს, როდესაც ეს სიცრუეა. ასეთი რამ გააკეთა ზურაბიშვილმა, როდესაც ბრძოლის ველზე წასულ იურისტებს ზურგში გაუკეთა ასეთი განცხადება და თქვა სიცრუე, რომ თითქოს საქართველოს ომი დაუწყია და ქართული ჯარი დაადანაშაულა. რა თქმა უნდა, რუსეთმა ეს ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენა. შემდეგ ჩვენ ძალიან დიდი მუშაობის შედეგად შევძელით ის, რომ ეს ყველაფრი გაგვებათილებინა” – თქვა თეა წულუკიანმა POSTV-ის ეთერში საუბრის დროს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share