საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) ქადაგებისას:
„ქრისტეს მიერ საყვარელნო მამებო, ძმებო და დებო, დღეს წაკითხული სახარება იმდენად მნიშვნელოვანია, ჩვენი სულისთვის, რომ ეს ეპიზოდი წელიწადში ორჯერ იკითხება ეკლესიებში – დიდმარხვასა და აი, დღეს, სულთმოფენობიდან მეექვსე კვირას.
მოთხრობილია უფალ იესო ქრისტეს მიერ პარალიზებული ადამიანის სასწაულებრივი განკურნების შესახებ, რომელიც მისმა ოთხმა მეგობარმა მოიყვანა და მწოლიარე იყო სარეცელზე, საწოლზე მწოლიარე მდგომარეობაში მოიყვანეს უფალთან. და უფალი იესო ქრისტეს მას ასეთ სიტყვებს ეტყვის: „შვილო, ნუ გეშინია, გეპატიება შენი ცოდვები. შენ შეგიძლია, ადგე და გაიარო“.
ასეთი სახარებაა, რომელიც ბევრ რამეზე გვაფიქრებს ჩვენ. ამ ადამიანს არ შეეძლო არც რწმენის გამოხატვა, არც საუბარი, საერთოდ, არაფერი უთქვამს მას, არც სინანულის გამოხატვა, არაფერი, მაგრამ აი, ეს რწმენა ჰქონდა მის ოთხ მეგობარს. და სახარება ამბობს, რომ უფალმა იხილა რა ეს სარწმუნოება მათი, ასე განკურნა ეს ადამიანი. მათ ჰქონდათ რწმენა იესო ქრისტესი, რწმენა მისი მაკურნებელი ძალისა და ამიტომაც მოჰყავთ იგი ქრისტესთან.
მაგრამ მარტო რწმენა ვერ იზამდა ამ სასწაულს. რწმენასთან ერთად, ამ მეგობრებს ჰქონდათ დიდი სიყვარული ამ თავისი სნეული მეგობრისა, ძალიან უყვარდათ იგი. როგორც ჩანს, იგი იყო განსაკუთრებით მოსიყვარულე თავადაც და ძვირფასი ადამიანი, სანამ ჯანმრთელი იყო, მოასწრო და დათესა მათ გულებში დიდი სიყვარული და ერთგულება, რამაც აიძულა ისინი, ასე ემოქმედათ. ე.ი. ასეთი რწმენა და სიყვარული იხილა უფალმა.
აქედან, დღევანდელი სახარებიდან, პირველი დასკვნა ის არის ჩვენთვის, რომ ჩვენ შეიძლება ვევედროთ უფალს ადამიანთა გასაჭირის გამო, სნეულებათა გამო, განსაცდელთა გამო და უფალი ისმენს ჩვენს ლოცვებს, თუ ჩვენ გვაქვს საკმარისი რწმენა, მიუხედავად იმისა, ის ადამიანი, ვისთვისაც ჩვენ ვლოცულობთ, ახერხებს თუ არა უფალთან მოსვლას, გამოთქვამს თუ არა ამ სურვილს. შეიძლება ვერც გამოთქვამს და ვერც კი ხვდება იმას, რომ ჩვენ შეიძლება მას დავეხმაროთ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თუ ჩვენ გვექნება ასეთი სარწმუნოება, მაშინ ჩვენ შეგვიძლია, მას დავეხმაროთ. მაგრამ ამის პირობა არის სიყვარულიც, რომელიც აქ გამოვლინდა, რომ ჩვენში უნდა დათესოს ასეთმა გაჭირვებულმა ადამიანმა სიყვარული, რომ ჩვენც ასე ვიმოქმედოთ. ან ჩვენ უნდა გვქონდეს ისეთი სიყვარული, რომ უცხო ადამიანის მიმართაც შევძლოთ ასეთი სიყვარული, რომ უფალთან მივიყვანოთ ადამიანი ჩვენი ლოცვებითა და ჩვენი ცხოვრებით.
მოკლედ, ამაზე გვაფიქრებს დღევანდელი სახარება, რომ შევძლოთ სიყვარულის გამოვლინებაც მოყვასთან მიმართ და შევძლოთ, ჩვენ თავად დავთესოთ სიყვარული მათ გულებში, იმისთვის, რომ შემდეგ ადამიანები ვალდებულად მიიჩნევდნენ თავს, ჩვენ დაგვეხმარონ და მხარში ამოგვიდგნენ გაჭირვების ჟამს. ასევე გაძლიერებული უნდა გვქონდეს რწმენაც, რომ მივართვათ უფალს ადამიანთა გაჭირვებები, გაჭირვებაზე ლოცვა, ვუშუამდგომლოთ უფალთან მათ, იმიტომ რომ მხოლოდ უფალს შეუძლია ადამიანის განკურნება, სულისაც, ხორცისაც და განკურნება და გამრთელება რთული ურთიერთობებისა ადამიანთა შორის.
აი, ამას გვასწავლის დღევანდელი სახარება. ამასთან ერთად, კიდევ იმაზე გვაფიქრებს, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ მხოლოდ სარწმუნოება და სიყვარული როდი იყო აი, ასეთი სასწაულებრივი განკურნების მიზეზი ამ პარალიზებული ადამიანისა.
აბა, მაშ, რა იყო კიდევ ერთ-ერთი მთავარი პირობა იმისა, რომ იესო ქრისტემ განკურნა იგი? – ეს იყო მისი სინანული, იმიტომ, რომ უფალი ეტყვის მას: „გეპატიება შენი ცოდვები“. ეს ნიშნავს, რომ გარკვეული ცოდვების გამო მოიწია მასზე ეს სნეულება და ვინაიდან უფალი აპატიებს მას ცოდვებს, ეს ნიშნავს, რომ მას ჰქონდა დიდი სინანული. მართალია, მან ეს ვერ გამოთქვა სიტყვიერად, ვინაიდან ავად იყო და არც შეეძლო ამის გამოთქმა, მაგრამ, ვიმეორებ, რადგან უფალი მას აპატიებს ცოდვებს, ეს ნიშნავს, რომ უფალმა დაინახა მასში ეს სინანული, უფალმა დაინახა მისი გამოსწორება დაინახა მისი სულიერი ფერისცვალება. სინანულიც სწორედ ეს არის. სინანული არ არის მხოლოდ, ნანობდე შენს შეცდომებს, არამედ არის სწორედ ფერისცვალება სულისა და გამოსწორება ადამიანისა. ეს უფალმა დაინახა და ამიტომ ეტყვის ასეთ საოცარ სიტყვებს.
აქედან კიდევ ერთი დასკვნაა ჩვენთვის, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ სნეულებაც შეიძლება მოიწიოს ჩვენზე სხვადასხვა ცოდვის გამო, უშვებს ჩვენზე უფალი სნეულებებს, როგორც ერთგვარ გაკვეთილს, შეიძლება ითქვას; ან თუ გნებავთ, სულის საკურნებელ საშუალებას, რომ დავფიქრდეთ ჩვენს ცხოვრებაზე, ჩვენს ღმერთისადმი დამოკიდებულებაზე, ცხოვრების აზრზე, არსზე, ჩვენს შეცდომებზე და გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება, გამოვსწორდეთ ჩვენ და სულიერად ფერი ვიცვალოთ. აი, ამისთვის ეშვება სნეულებებიც და არა იმიტომ, რომ ადამიანი დაიტანჯოს ამ მიწიერ ცხოვრებაში.
აი, ასეთი საოცარი სახარება წავიკითხეთ ჩვენ, ძვირფასო ძმებო და დებო.
გილოცავთ დღევანდელ დღეს, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას და ღმერთმა მოგვცეს მადლი, რომ შევისმინოთ და გულდასმით ვისმინოთ ეს სწავლება, რომელიც დღეს იყო მოცემული, სწავლება საღვთო სიყვარულზე, სწავლება სიყვარულის ძალაზე, სარწმუნოების ძალასა და სინანულის მნიშვნელობაზე, რომელსაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე პასუხს სცემს თავისი კაცთმოყვარეობითა და მოწყალებით, რომლისა არც დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნისამდე, ამინ!“,- აღნიშნა მეუფე შიომ.