საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი, აბდულა შაჰიდი ეწვევა. უწყების ცნობით, ეს გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია საქართველოში.
საგარეოს განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.
საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მხარეთა მიერ გაკეთდება ერთობლივი განცხადებები.
გარდა ოფიციალური შეხვედრებისა, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი ეწვევა საოკუპაციო ხაზს, მოინახულებს იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას სოფელ წეროვანში და ადგილზე გაეცნობა ოკუპაციის შედეგად შექმნილ ვითარებას.
აბდულა შაჰიდი, ასევე, მოინახულებს საქართველოში გაერო-ს ოფისს და შეხვედრებს გამართავს გაერო-ს პროგრამაში ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ის ასევე ეწვევა იუსტიციის სახლს და ჩავა კახეთში, რეგიონის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის გასაცნობად.