ლარი მყარდება, ევრო პოზიციას იბრუნებს- სავალუტო მიმოხილვა (15.07 – 22.07)

ივლისის მესამე სავაჭრო კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 2.789 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 2.840-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 1.79%-იანი გამყარებაა, რაც მიმდინარე წლის 28-ე სავაჭრო კვირას 1.51%-ით იყო. ამდენად, ლარი ზედიზედ მეორე კვირაა მკვეთრად მყარდება. ამ ფონზე, წლის დასაწყისიდან დღემდე კი ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით 9.67%-ითაა გამყარებული. მაისში ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 0.76%-ით გამყარდა. გასულ თვეს კი ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 7.08%-ით იყო გამყარებული. მიმდინარე თვეს ეს მაჩვენებელი 3.01%-ია.
რაც შეეხება სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ სხვა ვალუტებს, გასულ კვირას უმეტესობა მათგანი გამყარდა. თუმცა, მკვეთრად რუსული რუბლი და თურქული ლირა გაუფასურდა. ივლისის მესამე სავაჭრო კვირას, დოლართან მიმართებით, ლირა 2.12%-ით გაუფასურდა, რაც წინა კვირას 0.74%-ით იყო გამყარებული. წლის დასაწყისიდან დღემდე, შერჩეულ ვალუტებს შორის ყველაზე მეტით, 35.06%-ით სწორედ ლირაა გაუფასურებული. ამავე პერიოდში, ყველზე მეტით, 21.99%-ით კი რუსული რუბლია გამყარებული. თუმცა, გასულ კვირას რუბლის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, 2.07%-ით გაუფასურდა.

გამყარების კუთხით, გარდა ლარისა, ევრო, ბრიტანული სტერლინგი და იაპონური იენი გამოირჩეოდა. ამ უკანასკნელის შემთხვევაში კვირის მანძილზე გამყარებამ 1.77% შეადგინა, რაც წინა კვირას 1.81%-ით იყო გაუფასურებული. ივლისის მესამე კვირას ბრიტანული სტერლინგი 1.09%-ით გაუფასურდა, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე 12.35%-ია. გაუფასურების მკვეთრი ტენდენცია ახასიათებდა ევროს, მაგრამ მდგომარეობა გასულ კვირას შეიცვალა. ამის მიზეზი კი ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაა, რომლის შემდეგ ევრო დოლართან მიმართებით გამყარდა. ივლისის მესამე სავაჭრო კვირას ევროს ნომინალური გაცვლითი კურსი 1.22%-ითაა გამყარებული. მიუხედავად ამისა, წლის დასაწყისიდან დღემდე 10.62%-ითაა გაუფასურებული.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 15.07 – 22.07 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

2021 წლის 30 სექტემბრის შემდეგ ეროვნულ ბანკს ბაზარზე დიდი ხნით თავს იკავებდა. მიმდინარე წელს პირველი ინტერვენცია გასულ კვირას, 09 მარტს განახორციელა. კერძოდ, სავალუტო ბაზარზე 50.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, სადაც 39.6 მლნ დოლარი გაიყიდა. სებ-ის ხანგრძლივი თავშეკავება მაისის ბოლო სავაჭრო კვირის სამშაბათს დაირღვა, როცა ბაზარზე 10.0 მლნ აშშ დოლარი იყიდა. აღსანიშნავია, რომ ეროვნულ ბანკს ამგვარი ინტერვენცია 2019 წლის ივნისის შემდეგ არ განუხორციელებია. მანამდე, 2017 წლის აპრილიდან ინტენსიურად ბაზარზე დოლარს ყიდულობდა.

გასულ წელს ცენტრალურმა ბანკმა ბაზარზე სულ 9-ჯერ 332.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა, ხოლო ბაზარზე უცხოური ვალუტა არ შეუსყიდია. სები სავალუტო ინტერვენციებით უმეტესწილად წლის პირველ ნახევარში გამოირჩეოდა, რადგან 7 სავალუტო აუქციონი იანვარ-აპრილში იყო. აღნიშნულ პერიოდში ცენტრალურმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 242.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. ამდენად, სავალუტო ინტერვენციების კუთხით გასული წელი მეტად პასიური იყო, ვიდრე წინა პერიოდი. პანდემიის პირველ წელს ცენტრალურმა ბანკმა სულ 26 ინტერვენციით 873.2 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 18.07 – 22.07-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

უკვე ტრადიციად იქცა რუსული რუბლის მაღალი მერყეობა. ივნისის ბოლო სავაჭრო კვირასაც ყველაზე მაღალი მერყეობა რუსულ რუბლს ახასიათებდა, რაც წინა პერიოდებთან შედარებით გაზრდილი იყო. ივლისის პირველ სავაჭრო კვირას რუბლი უფრო მეტად არასტაბილური გახდა. მკვეთრი, 12.93%-იანი გაუფასურების ფონზე, რუბლის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 5.22%-ით იხრებოდა. ივლისის მეორე სავაჭრო კვირას 10.63%-იანი გამყარების ფონზე, რუბლის მერყეობა 3.55% იყო. გასულ კვირას კი 2.07%-იანი გაუფასურების ფონზე რუბლის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 2.47%-ით იხრებოდა.

ამ პერიოდში სხვა ვალუტების მერყეობა შედარებით დაბალია. ტრადიციულად დაბალი მერყეობა ჩინური იუანს ახასიათებდა. კვირის მანძილზე იუანის ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.14%-ით იხრებოდა. ასეთივე დაბალი მერყეობა ახასიათებდა ბრიტანულ სტერლინგს, რაც 0.16%-ს შეადგენდა. ამავე პერიოდში ევროს მერყეობამ 0.36% შეადგინა. თუმცა, შედარებით მაღალი მერყეობით ლარი გამოირჩეოდა. კვირის მანძილზე ლარის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.60%-ით იხრებოდა, რაც წინა კვირას უფრო მეტი, 1.21% იყო.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 15.07/22.07 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

ივნისის მეოთხე სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ვალუტებს შორის ყველასთან მიმართებით გაუფასურებული იყო, რაც ამავე თვის ბოლო სავაჭრო კვირას რადიკალურად შეიცვალა. ამგვარი ტენდენცია ივლისის პირველ კვირას კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა. მეორე სავაჭრო კვირას კი ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი რუბლთან მიმართებით მკვეთრად გაუფასურდა. სხვა დანარჩენ ვალუტებთან კვლავ გამყარდა. კვირის მანძილზე ლარის გაცვლითი კურსის საშუალო გამყარება 2.02% იყო. გასულ კვირას კი ლარი ყველა ვალუტასთან მიმართებით გამყარებული. მათ შორის, ყველზე მეტით უკრაინულ გრივნასთან.

გასულ კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი გრივნასთან მიმართებით 20.76%-ითაა გამყარებული, რაც ივლისის მესამე სავაჭრო კვირის ხუთშაბათს უკრაინის ცენტრალური ბანკის მიერ ეროვნული ვალუტის 25.0%-იანი დევალვაციის შედეგია. ამგვარი გადაწყვეტილება კი ცენტრალურმა ბანკმა ომის გამო მკვეთრად შეცვლილი ეკონომიკური გარემოებითა და თავისებურებებით ახსნა. ამდენად, წლის დასაწყისიდან დღემდე, ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ყველაზე მეტით, 32.46%-ით უკრაინულ ვალუტასთან არის გამყარებული. შედარებით ნაკლებით, მაგრამ 31.83%-იანი გამყარებით თურქულ ლირასთან გამოირჩევა. გასულ კვირა კი ლარის გამყარება თურქულ ლირასთან 3.67%-ია, ხოლო რუსულ რუბლთან კი – 2.90%. სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ დანარჩენ სხვა ვალუტებთან მიმართებით ლარი საშუალოდ 1.36%-ით გამყარდა. მათ შორის, ყველაზე ნაკლებით, 0.70%-ით ევროსთანაა გამყარებული.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა – გამყარება; კლება – გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი – იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურსის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. ივლისის მესამე სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური კურსი ყველა შერჩეულ ვალუტებთან გამყარდა. საბოლოოდ, აღნიშნული ინდექსის გამყარებაში აისახა. გასულ კვირას ეფექტური კურსის ინდექსი 3.58%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირას 0.68% იყო. წლის დასაწყისიდან დღემდე ეფექტური გაცვლითი კურსი 17.59%-ითაა გამყარებული, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გამყარება 28.59%-ია.

ივლისის მესამე სავაჭრო კვირის მანძილზე ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 150.7-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 1.75%-ს შეადგენს. ეს კი წინა პერიოდთან შედარებით არასტაბილურობას ასახავს, რადგან წლის 28-ე სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური კურსის მერყეობა 0.33% იყო. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ნომინალური ეფექტური კურსის ცვლილება მოქმედებს როგორც ექსპორტზე, ასევე იმპორტზე და შესაბამისად, ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება აისახება იმპორტირებული საქონელი და მომსახურების ლარში გამოხატული ფასის კლებაში.

აგრეთვე, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 25.76%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 25.00% იყო. საბოლოოდ, მიმდინარე წლის 29-ე სავაჭრო კვირას ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის წინა პერიოდთან შედარებით გამყარება, ამავე პერიოდის იმპორტის ზრდაზე იმოქმედებს, რადგან ასეთ დროს იმპორტირებული საქონელი და მომსახურება იაფდება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით. აღნიშნული ნიშნავს, რომ საქართველოდან იმპორტიორი ქვეყნებისთვის საქონელი და მომსახურებას ძვირდება.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share