ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამხედრო განყოფილების ყოფილი უფროსი, ილია ლეჟავა, ოზურგეთის მერს, ავთანდილ თალაკვაძეს სასამართლოში უჩივის.
როგორც “გურიის მოამბეს” ილია ლეჟავამ განუცხადა, ის ოზურგეთის მერმა სამსახურიდან უკანონოდ დაითხოვა და აპირებს სამართლიანობისათვის ბრძოლა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში გააგრძელოს:
“დამიბარა მასთან როგორც კი შეუდგა მუშაობას და მომთხოვა განცხადება დამეწერა და გადავმდგარიყავი, რაც არ გავაკეთე, ვკითხე რა იყო მიზეზი, მიპასუხა რომ ოზურგეთის მართვა მისი გუნდით უნდოდა, მე კი ამ გუნდში არ ვიყავი.
ვინაიდან არაფერი არ დამიშავებია უარი ვუთხარი. რამდენიმე დღეში სამსახურში შიდა აუდიტი შემოვიდა კობა ხაბალაშვილის, აუდიტის უფროსის ხელმძღვანელობით, არ ვიცი რა დაწერეს, დასკვნა გადასცეს მერიის ინსპექტირების სამსახურს, მისმა უფროსმა მარიკა ნაცვალაძემ ბოდიში მოიხადა, რა ვქნა მავალებენო და მან კიდევ მისი დასკვნა მერს გადასცა, მერმა ბრძანებით სამსახურიდან დამითხოვა, დარწმუნებული ვარ რომ ეს ყველაფერი უკანონოდ მოხდა და სიმართლეს სასამართლოში დავამტკიცებ” – გვითხრა ბატონმა ილიამ.
ილია ლეჟავა ოზურგეთის სამხედრო განყოფილებას 2008 წლიდან ხელმძღვანელობს.
მან ამ პოსტზე ავთო მექვაბიშვილი შეცვალა, რომელიც მაშინ ოზურგეთის გამგებელი გახდა.
გავრცელებული ინფორმაციით მისი შემცვლელი საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას ახლო მეგობარი-გელა ჭანუყვაძე იქნება.