დავით არახამია იმ ქვეყნის წარმომადგენელია, რომელიც რუსეთთან ომში იმყოფება და იცავს ევროპის უსაფრთხოებას – ხატია დეკანოიძე

„მთელი ეს პროპაგანდა აგებულია იმაზე, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვინც მხარს უჭერს უკრაინას და სურს, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციების ნაწილი იყოს, სურს ომი“ – ასე ეხმაურება პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე, მმართველი პარტიის წარმომადგენლების საპასუხო განცხადებებს, რომლებიც მათ, უკრაინის რადას ფრაქცია ,,ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელის დავით არახამიას განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთეს.

დეკანოიძის შეფასებით,  ის სრულად ეთანხმება არახამიას განცხადებას, რომელიც მან ოლიგარქ ივანიშვილთან დაკავშირებით გააკეთა.

„დავით არახამიას სრულად ვეთანხმები – დიახ, იანუკოვიჩები მიდიან და თუ მშვიდობიან გადაბარებით არ მიდიან, მას ხალხი რევოლუციის გზით აგდებს!  თუკი რამემ საქართველოს იმიჯი, როგორც სანდო პარტნიორის იმიჯი, შელახა, ეს არის საქართველოს ხელისუფლება და მისი დამოკიდებულება უკრაინასთან – როდესაც რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ პარლამენტის რეზოლუციაში არ ჩაიწერა რუსეთის ფედერაციის აგრესია, პრეზიდენტ ზელენსკის არ მიეცა საქართველოს პარლამენტისთვის სიტყვით მიმართვის შესაძლებლობა. მათ შორის იყო ანტი უკრაინული განცხადებები. მთელი ეს პროპაგანდა აგებულია იმაზე, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვინც მხარს უჭერს უკრაინას და სურს, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციების ნაწილი იყოს, სურს ომი. საქართველოს ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, წარმოიქმნა როგორც საფრთხე უკრაინის გამარჯვებისთვის. ამიტომ ნებისმიერი განცხადება, რომელსაც უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლები აკეთებენ, ჩვენ უნდა განვიხილოთ იმ კონტექსტში, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება მთელი ამ პერიოდის განმავლობაში.

დავით არახამია იმ ქვეყნის წარმომადგენელია, რომელიც რუსეთთან ომში იმყოფება და იცავს ევროპის უსაფრთხოებას, მათ შორის საქართველოს დამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებას. ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, თუ რა პოზიცია დაიკავა საქართველოს ხელისუფლებამ“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, გუშინ არახამიამ ,,მთავარი არხის“ ჟურნალისტს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ჩამორთმეული ქონება აჩვენა, რომელიც ახლა უკრაინელი ხალხის საკუთრებაშია გადასული და აღნიშნულის საფუძველი, დეოლიგაქიზაციის კანონია.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share