“ქალი აღარ ხარ რა. ქალის სახე დაკარგე… რომ ლაპარაკობ, პირი მოიწმინდე” – ასე მიმართა დღეს პარტია “ქართული ოცნების” თავმჯომდარემ ირაკლი კობახიძემ “მთავარი არხის” ჟურნალისტს.
კობახიძის მხრიდან ჟურნალისტის მიმართ ამგვარ დამოკიდებულებას საზოგადოების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით “ფეისბუქში” პოსტს საიას თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი ეხმაურება.
“ქალზე ძალადობა, შეურაცხყოფა, თავდასხმა, დამცირება, სექსიზმი და სხვა მრავალი ამორალობა ქართული ოცნების მაღალჩინოსნების სახედ იქცა.
ძალიან დიდი უზნეობაა, ახალგაზრდა ადამიანს, ქალს, ასეთი სიტყვებით მოიხსენიებდე და არანაკლები უზნეობაა, ამას ამართლებდე ან იწონებდე. როცა მამაშენის წარსულზე გეკითხებიან და ეს კითხვა არ მოგწონს, ათასნაირი პასუხი შეგიძლია დააბრუნო ეთიკის ფარგლებში, მით უმეტეს, როდესაც საჯარო პირი ხარ და თმენის ვალდებულება გაქვს. იმ სიტყვებს, რომლის გამეორებაც არ მინდა, არავითარი გამართლება არ აქვს.” – წერს სიმონიშვილი.