5 წელში უფუნქციო „ბლექ სი არენას“ ზარალმა 22 მლნ ლარს, სახელმწიფო სუბსიდიამ კი 36 მლნ ლარს გადააჭარბა.
შპს „ბლექ სი არენამ“ 2017-2018-2019-2020 წლების მსგავსად 2021 წელიც ზარალით დაასრულა. ამის შესახებ საკონცერტო დარბაზის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა.
დოკუმენტის თანახმად, 2021 წელს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საკონცერტო დარბაზის ზარალი 5 მილიონი ლარი იყო. ზარალი კი ძირითადად, იმ ფაქტით იყო განპირობებული, რომ 2021 წელს საკონცერტო დარბაზში კონცერტი საერთოდ არ ჩატარებულა. თუმცა, ამ ფაქტს 2.4 მილიონი ლარის ხელფასების გაცემაზე ხელი არ შეუშლია,რადგან კომპანია სრულ შტატზე ამ ეტაპზე 107 პირს ასაქმებს. 2021 წელს კომპანიაში ჩარიცხული სახელმწიფო სუბსიდიაც გაიზარდა და ის 4,350,000 ლარი გახდა, რაც წინა წელთან შედარებით 9%-ით მეტი იყო.
კონსოლიდირებული აუდიტორული ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ 2017-2018-2019 და 2020 წელი „ბლექ სი არენასთვის“ ზარალიანი იყო. ოფიციალურ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ შპს „ბლექ სი არენა ჯორჯია“-ს ზარალმა 2020 წელს 4,5 მლნ შეადგინა. ეს რიცხვი 2019-ში 2,2 მლნ იყო, 2018-ში 4,3 ხოლო 2017- ში 6,4 მლნ. აღსანიშნავია, რომ „ბლექ სი არენამ“ 2020 წელს სახელმწიფო სუბსიდიებიდან 4 მლნ შემოსავალი მიიღო, 2019 წელს 10,4 მლნ, 2018 წელს კი 7 მლნ, 2017 წელს კი 11 მლნ.
დარბაზის მშენებლობა 2008 წელს ბიძინა ივანიშვილის ფონდ „ქართუს“ ინიციატივით და $115 მილიონზე მეტი ინვესტიციით დაიწყო. „ბლექ სი არენა“ ოფიციალურად 2016 წელს Christina Aguilera-ს კონცერტით გაიხსნა. 2019 წელს დარბაზი სამართავად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაეცა. ამჟამად კი დარბაზი „ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს” ბალანსზე ირიცხება და მისი აქტივები 73.8 მილიონ ლარს შეადგენს.