თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში კორონავირუსის გავრცელების ტენდენციას აფასებს.
როგორც თენგიზ ცერცვაძე ამბობს, პანდემიის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დრო არის დარჩენილი, თუმცა კოვიდი დღეს ისეთ პრობლემას აღარ ქმნის, როგორც ეს 2 წლის წინ იყო.
თენგიზ ცერცვაძე ქვეყანაში შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებითაც საუბრობს:
– რამდენად მიზანშეწონილი იქნება შექმნილ ვითარებაში მინიმალური შეზღუდვების დაწესება?
– მე არ ვარ მომხრე, რომ დაწესდეს სავალდებულო რეგულაციები, რადგან დღეს არ არის ჩვენთან ამის წინაპირობა. ჩემი პირადი აზრია, რომ კარგი იქნება, თუ ნებაყოფლობით ვატარებთ პირბადეს საზოგადოებრივ ტრანსპორტში, დახურულ სივრცეებსა და ხალხმრავალ ადგილებში.
– რა შემთხვევაში დაუბრუნდება ქვეყანა შეზღუდვების პროცესს?
– ქვეყანა შეზღუდვების პროცესს დაუბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა, რაც ჯერ არ ფიქსირდება და რაც მთავარია, თუ გაიზარდა სიკვდილიანობის რაოდენობა. დღევანდელ სიტუაციაში კოვიდი პრობლემას არ ქმნის, ამიტომ სავალდებულო შეზღუდვების შემოღების აუცილებლობა არ არსებობს.