შორენა თეთრუაშვილი COVID-19-ით ინფიცირებულია

საპატრიარქოში ეპიდემიოლოგებს ელოდებიან, ისინი ადგილზე სავარაუდოდ, რამდენიმე საათში მივლენ. COVID-19 უკვე PCR ტესტითაც დაუდასტურდა პატრიარქის მდივან-რეფერანტს შორენა თეთრუაშვილის, რომელიც სახლში იზოლაციაში იმყოფება.

საყურადღებოა ისიც, გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ 4 იანვარს შორენა თეთრუაშვილის სინოდის სხვა წევრებთან ერთად პატრიარქის დაბადების დღეზე იმყოფებოდა, ღონისძიებას ესწრებოდა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძეც.

“პირველი საეჭვო დადებითი მოვიდა წუხელ გვიან, დღეს აიღეს დილით PCR ტესტზე ანალიზი და დღეს 3-ის ნახევრიდან 3-მდე იქნება პასუხი. დისტანციურად იყო და იქ არ იყო ისეთი სიტუაცია [ დაბადების დღეზე] ეპიდემიოლოგები შეაფასებენ სიტუაციას და გვეტყვიან სათქმელს”, – ამბობს პატრიარქის პირადი ექიმი, ცისანა შარტავა.

“მთავარი არხი” დაუკავშირდა მეუფეებსაც, რომლებიც პატრიარქის დაბადების დღეს ესწრებოდნენ, მათი ნაწილი აცხადებს, რომ თვითიზოლაციაში გადავიდა, ნაწილმა კი ტესტირება ჩაიტარა.

ჭყონდიდის ეპარქიის ეპისკოპოსი, მეუფე გრიგოლ კაცია ადასტურებს, რომ დაბადების დღის ღონისძიებას ნამდვილად ესწრებოდა და ამბობს, რომ ეპარქიაში ყოველკვირეულად ატარებენ ტესტირებას, ხოლო სინოდში არსებულ მდგომარეობაზე მისთვის არაფერია ცნობილი.

კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ ტესტის ასაღებად იყო მისული და PCR ტესტის გაკეთებაზე მას უარი უთხრეს.

“გადატანილი მაქვს და პირველი სამი თვის განმავლობაში ვისც გადატანილი აქვს არ უკეთებენ პისიარებს, წარმოიდგინეთ, უარს მეუბნებიან იმიტომ რომ არ ყოფილა ჯერ შემთხვევა, რომ გადატანილი ვისაც აქვს პირველ სამ თვეში განმეორებოდეს, ამიტომ არ მიკეთებენ, მე საფრთხეს არ წარმოვადგენ სხვებისთვის და არც სხვები წარმოადგენენ ჩემთვის საფრთხეს”, – ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

ჩაუტარდება თუ არა ილია მეორეს ტესტირება ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ეპიდემიოლოგები სიტუაციას შეფასებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share