“წერილმა ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა და დარწმუნებული ვარ, ამ კითხვებს პასუხი გაეცემა”, – ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ოლიგარქი ივანიშვილის მიერ დღეს გავრცელებულ წერილს:
ის ისევ ამტკიცებს, რომ “ბიძინა ივანიშვილი უკვე დიდი ხანია პოლიტიკაში აღარაა” და ამბობს, რომ ივანიშვილსა და კელი დეგნანს შორის გამართულ შეხვედრაზე ინფორმაცია არ აქვს:
„თქვენ იცით, რომ ბიძინა ივანიშვილმა დიდი ხანია დატოვა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის თანამდებობა. ის აღარ არის პოლიტიკაში. ასე რომ, ამ შეხვედრასთან დაკავშირებით მე ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა, წერილმა ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა და დარწმუნებული ვარ, ამ კითხვებს პასუხი გაეცემა… [ჟურნალისტი: თქვენ რა კითხვები გაგიჩინათ?] შეხვედრასთან დაკავშირებული კითხვები და ამომწურავი პასუხები გაეცემა…
უბრალოდ თქვა ადამიანმა, თუ რა მოხდა რეალობაში. იყო მოთხოვნა და განცხადებები გაკეთდა იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებას გაეგო, იყო ეს შეხვედრა თუ არ იყო, რას ეხებოდა, რასთან დაკავშირებით. მე დეტალებში გამიჭირდება შესვლა იმიტომ რომ ინფორმაცია არ მაქვს,” – ამბობს
კალაძე.
კახა კალაძე მიიჩნევს, რაც ბიძინა ივანიშვილის შეფასება, ომის საფრთხეებთან მიმართებით მმართველი გუნდის პოზიციაზე, სწორია და საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს.
„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესები იყოს, პირველ რიგში, დაცული. დღეს, ისე როგორც არასდროს, ჩვენს ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, სიმშვიდე და ეკონომიკური განვითარება.
ჩვენ ხომ მოვისმინეთ არაერთი განცხადება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვისკენ, ეს ხომ ციდან მოტანილი თემა არ არის – ეს იყო არასამთავრობო ორგანიზაციები, კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, პირდაპირ იყო საუბარი ომში შეხიდებასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩვენ ძალიან განვიცდით, რაც ხდება უკრაინაში, ყველანაირად ვუთანაგრძნობთ მას და მხარს ვუჭერთ ყველა საერთაშორისო არენაზე, მაგრამ პირველ რიგში, გამოვდივართ ჩვენი ხალხის, ქვეყნის ინტერესებიდან და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა და სიმშვიდე“, – თქვა კალაძემ.