სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ცოტა ხნის ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ მოინახულა.
უფლებადამცველმა აღნიშნა, რომ გოგაშვილის საქმეს გრიფი “საიდუმლო” ადევს. მისი თქმით, გრიფის დადების ინიციატორი სუს-ის მაღალჩინოსანი, ვინმე ღამბაშიძე იყო, რომელსაც დაკავებული და მისი ოჯახის წევრები ზეწოლასა და შანტაჟში ადანაშაულებდნენ.
“საქმეს გრიფით საიდუმლო დაადო პიროვნებამ, ვისაც იოსებ გოგაშვილი და მისი ოჯახის ადანაშაულებს კონკრეტულ გადაცდომებზე და დანაშაულის ჩადენაშიც კი. ეს გახლავთ ბატონი ღამბაშიძე, სწორედ მან გამოიტანა წერილობითი გადაწყვეტილება, საქმის მასალებს დადებოდა გრიბით საიდუმლო. არ არსებობდა ამ საქმისთვის გრიფით საიდუმლოს დადების სამართლებრივი საფუძველი, თუმცა ვფიქრობ, რომ ის დარღვევები რომ არ გამოტანილიყო სააშკარაოზე, რაც არსებობს იოსებ გოგაშვილის დაკავებასა და წარდგენილ ბრალდებებთან დაკავშირებით, სწორედ ამიტომ მოხდა სრულად საქმის გრიფირება”, – ამბობს რამაზ ჩინჩალაძე.
ამასთან, ადვოკატის თქმით, სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ აქვს ყველა მტკიცებულება, რაც მის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს ადასტურებს.
“ნებისმიერ საქმეზე, რაც გაჟღერებულია მის მიერ, დამიდასტურა მზადყოფნა, რომ სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და პროკურატურას მიაწოდოს ინფორმაცია ამომწურავად და დეტალურად. ჩემთვის უცნობია კონკრეტული მტკიცებულებები, თუ რით შეიძლება ამ ფაქტების დადასტურება. მე არ ვარ საქმის კურსში, როდის რა განცხადება გამოქვეყნდება და რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით ხდება აღნიშნული დოკუმენტების გამოქვეყნება”, – თქვა უფლებადამცველმა.