“საკმაოდ სახიფათოდ თამაშობს ივანიშვილი… ტყუილად ცდილობს, კულისებიდან მართოს ქვეყანა”

„აშშ-ს ელჩთან შეხვედრა, ელჩის თხოვნით, 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა; გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს მიზანი დღესაც აქტუალურია – მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი გადალახა;

მირჩევნია, ჩემი და შვეიცარიული ბანკის ურთიერთობა ჩემ პირად პრობლემად დავტოვო და საზოგადოებას თავს არ მოვახვიო – იმასაც არ აქვს მნიშვნელობა, რაში ვგეგმავდი ბანკის მიერ გაჩერებული თანხების დახარჯვას… “ – ეს მცირე ამონარიდებია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის – ბიძინა ივანიშვილის განცხადებიდან, რომელიც მან გაავრცელა.

რისი თქმა უნდოდა ივანიშვილს ამ წერილით, რა გაიგო აქედან ქართველმა საზოგადოებამ და რა გახდა ცხადი, ამის შესახებ ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ”კვირის პალიტრას” ესაუბრა:

– რამდენიმე დასკვნის გაკეთება შეიძლება. წერილის შინაარსის პირველი ნაწილით, სადაც ლაპარაკია, თუ როგორ გადაურჩა ქვეყანა ომს, ივანიშვილი პირდაპირ არ ამბობს, მაგრამ მიანიშნებს, რომ დეგნანმა ივანიშვილთან შეხვედრისას ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა მოითხოვა.

ამასთანავე, გამოჩნდა ისიც, რომ არათუ ქართველ ხალხს, არც დასავლელ პარტნიორებს და, ზოგადად, დედამიწაზე არავის სჯერა, რომ ის მართლა წავიდა პოლიტიკიდან და გავლენას არ ახდენს პროცესებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ელჩი დეგნანი მას არ შეხვდებოდა.

და ბოლოს, გაირკვა ისიც, რომ ყაველაშვილი-ხუნდაძე-სუბარის ტრიოს, პრემიერის თუ სხვათა წერილებისა და განცხადებების, ზოგადად, მთელი ამ სპექტაკლის დირიჟორი ბიძინა ივანიშვილი ყოფილა. ეს ამ წერილში ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა.

რას მიანიშნებს ეს ყოველივე? – ივანიშვილი კიდევ ემზადება რაღაც ნაბიჯის გადასადგმელად.

ივანიშვილი, იმაზე საუბრით, რომ დეგნანი საქართველოს ომში ჩართვას ითხოვდა, ანტიდასავლურ ფონს ქმნის. თუ შეხვედრა კონფიდენციალური იყო, რა თქმა უნდა, ელჩი ამის შესახებ საჯარო განცხადებას ვერ გააკეთებდა, მაგრამ ახლა, ივანიშვილის წერილის გამოქვეყნების შემდეგ, იგი იძულებული იქნება თქვას, რის თაობაზე ისაუბრა ივანიშვილთან.

– თქვენი ვერსიით, რა შეიძლება ყოფილიყო მათი საუბრის საგანი, მართლა შეიძლება დავუშვათ, რომ დეგნანი, ვაშინგტონის სახელით, ივანიშვილს საქართველოს ომში ჩართვისკენ მოუწოდებდა?

– ვფიქრობ, საუბარი ნამდვილად შეეხებოდა ომს. მაგრამ ეჭვი მეპარება, ვაშინგტონს უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი თვის თავზე საქართველოს ომში ჩართვა მოეთხოვა. ჩემი აზრით, დეგნანი საქართველოს მიერ რუსეთისათვის სანქციების დაწესებაზე ისაუბრებდა.

აქ კიდევ ერთი საგულისხმო ამბავია. ივანიშვილი სულ ტყუილად ცდილობს, კულისებიდან მართოს ქვეყანა. ყველა ვხედავთ, რომ რაღაც მომენტებში იძულებული ხდება, გამოვიდეს ჩრდილიდან. ყოფილი პრემიერისგან იმის თქმა, რომ საქართველო ახლა კი გადაურჩა ომს, მაგრამ მსგავსი საფრთხე სულ იქნება, ვიდრე უკრაინის ომი არ დამთავრდება, მიგვანიშნებს იმაზე, რომ ის სრულად იზიარებს „ქართული ოცნების“ მიერ გახმოვანებულ საგარეო პოლიტიკას.

ამის მიუხედავად, მგონია, რომ ქვეყნისთვისაც და თავად მისთვისაც უკეთესი იქნება, თუ ჩრდილიდან გამოვა და ღიად დაიწყებს ქვეყნის მართვას. მაინც არავის სჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება ივანიშვილისგან დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს.

– ამ წერილმა, კონკრეტულად, კელი დეგნანის დადანაშაულებამ, საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით, კიდევ უფრო გაამყარა პროდასავლური ოპოზიციისა და მისი მხარდამჭერების ეჭვი, რომ ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ პრორუსული ძალაა, მეორე მხრივ, პრორუსულ ძალებსაც გაუძლიერა ანტიდასავლური განწყობები. თქვენი ვერსიით, ეს ამბავი რა პროცესებს გამოიწვევს ქვეყანაში და ეს ყველაფერი როგორ აისახება დასავლელი პარტნიორების საქართველოსადმი დამოკიდებულებაზე?

– როგორც წესი, კონფიდენციალური საუბრების გახმოვანება პოლიტიკაში არ ხდება. ხუნდაძე-ყაველაშვილი-სუბარის „სამეულის“ განცხადებებს და ივანიშვილის წერილს ერთ კონტექსტში თუ განვიხილავთ, დასკვნა ასეთია – ამერიკას უნდოდა საქართველოში საომარი მოქმედებების დაწყება. ეს, რა თქმა უნდა, იმუშავებს ამერიკის საწინააღმდეგოდ, საქართველოში გაზრდის და გააძლიერებს პრორუსული ძალების რაოდენობას და პოზიციებს. საკმაოდ სახიფათოდ თამაშობს ივანიშვილი.

თუ არაფერი შეიცვლება და მისი დაწყებული პროცესი გაგრძელდება, უკრაინაში ომის დამთავრების შემდეგ მას საქართველოში კი არა, მოსკოვშიც კი აღარ ექნება წასასვლელი. რატომ? იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, ამ ომში უკრაინა და დასავლეთი გაიმარჯვებს, ივანიშვილს კი ყველგან შეექმნება პრობლემა. დღეს მას საკუთარი თავის გადასარჩენად ერთადერთი გამოსავალი აქვს: ჩრდილიდან უნდა გამოვიდეს და წერტილი დაუსვას ჭორაობას, შეთქმულების თეორიებს და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას. აღარც დასამალი აქვს რამე და არც დასაფიქრებელი.

– იქნებ დააზუსტოთ, რატომ არ ექნება ივანიშვილს წასასვლელი მოსკოვში, თუ რუსული არმია უკრაინაში დამარცხდება?

– იმიტომ, რომ ეს არ იქნება ჩვეულებრივი დამარცხება, რუსეთის უკრაინაში დამარცხება მსოფლიოს შეცვლის. შეიძლება ცუდი შედარებაა, მაგრამ ეს ისეთივე მოვლენა იქნება, როგორიც მეორე მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხება იყო. ჩვენ ახლა მესამე მსოფლიო ომის პირობებში ვიმყოფებით. ამ ომის დასრულების შემდეგ რუსეთს მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება კი არ მოუწევს, არამედ – იმპერიულ ზრახვებზე სრულად მოუწევს უარის თქმა. რუსეთს, რომელსაც იმპერიალისტური ზრახვები ვეღარ ექნება, ივანიშვილის პრორუსულობა აღარაფერში დასჭირდება.”

კვირის პალიტრა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share