ედუარდ სააკაშვილს მიაჩნია, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის საკითხი ნაკლებად პოლიტიკური უნდა იყოს. მან TV პირველის ეთერში თქვა, რომ ამისთვის საჭიროა, მიხეილ სააკაშვილის როლი ქართულ პოლიტიკაში “ცოტა გადაიხედოს”. როგორც ედუარდ სააკაშვილი ამბობს, ხალხის ტონში ამჩნევს, რომ მამამისი “მომავლის ლიდერი” არ არის.
“მე ერთი კვირაა, საქართველოში ვარ, ჩამოსული ვარ ოჯახის სანახავად. ცოტა ვიმოგზაურეთ ერთად მე და დედაჩემმა ზუგდიდში, ბათუმში, საქართველოს გარშემო. ხალხი გვხვდება ქუჩაში და თუ მცნობენ, მეუბნებიან – მიშა როგორ არის? ვგრძნობ, რომ არის ფართო დაინტერესება საზოგადოებაში მამაჩემის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. მაგრამ მე ტონში ვამჩნევ, რომ ბევრი მათგანისთვის მამაჩემი არ არის რაღაცა მომავლის ლიდერი ან რაღაც მსგავსი. მასზე არ მეკითხებიან, როგორც, აი, “მიშა გამოვიდეს და გადაგვარჩენს” და ასე შემდეგ. არის ბევრი ადამიანი, რომელიც ასე უყურებს, მაგრამ არის ძალიან ბევრი ადამიანი, შეიძლება უფრო დიდი ნაწილი, რომელიც უბრალოდ აფასებს მის როლს საქართველოს უახლეს ისტორიაში და უნდა მისთვის კარგი. ნერვიულობენ მასზე, როგორც ადამიანზე და არა, რომ ის არის [მომავლის ლიდერი].
ისინი ამომრჩევლებიც კი არ არიან მიშასი ან ნაციონალური მოძრაობის, ამიტომ მე მგონია, რომ ეს სენტიმენტი საზოგადოებაში არის საკმაოდ ფართოდ გავრცელებული და თუ ჩვენ ვსაუბრობთ ამ საკითხის დეპოლიტიზებაზე, მამაჩემიც უნდა დეპოლიტიზდეს ცოტა, იმიტომ, რომ მე როგორც ვუყურებ, როგორც ვხედავ, მისი როლი ქართულ პოლიტიკაში გაუგებარია მომავლისთვის, არ ვიცი, კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ ის ან მთავრობაში დაბრუნდეს ან ასე შემდეგ. ეს ცოტა რთული წარმოადგენია ჩემთვის და მე მგონი, თვითონაც ხვდება ამას. როცა შევდივარ მამაჩემთან, ის მხოლოდ უყურებს უკრაინულ ტელევიზიებს, მგონი, თვითონაც ხვდება, რომ შეიძლება, იქით უფრო ჰქონდეს მომავალი, ვიდრე აქ” – ამბობს ედუარდ სააკაშვილი და აღნიშნავს, რომ ექსპრეზიდენტმა საქართველოში ჩამოსვლით ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა.
“დღეს მისგან პოლიტიკურად არც ისმის ბევრი, სიმართლე ვთქვათ, არც ბევრს წერს პოლიტიკაზე და აღარც ერევა დიდად, მაგრამ ჩამოსვლამდე ის საუბრობდა, რომ მე ახლა ჩამოვალ, ჩვენ შევცვლით ხელისუფლებას, დაიწყება ახალი აღმშენებლობა და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად ეს თეორია არ გამოდგა მართალი, ჰო? ანუ რეალურად ის ჩამოვიდა და მივიღეთ ეს კატასტროფული მდგომარეობა, რაც მივიღეთ. ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა, რაც მე აქამდეც მითქვამს” – თქვა სააკაშვილმა.