“ოცნებიდან” წასულები სამოქალაქო მოძრაობაში გაერთიანდებიან

“ოცნებიდან” წასულებმა საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება დააანონსეს. ამის შესახებ განდგომილებმა პარლამენტში საგანგებო განცხადების გაკეთებისას ისაუბრეს. თქვეს, რომ მოძრაობის მთავარი მიზანი “საზოგადოებისთვის სიმართლის თქმა” იქნება.

სოზარ სუბარის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდე იმისთვის, რომ “ომის საფრთხე თავიდან იქნას აცილებული”. ის ისევ ამბობს, რომ საზოგადოებას მეტი სიმართლე უნდა მიაწოდონ, საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების გადაწყვეტილება კი ბიძინა ივანიშვილის მიერ გუშინ გავრცელებული წერილის შემდეგ მიიღეს.

დიმიტრი ხუნდაძე კი ამბობს, რომ ოლიგარქის გუშინდელმა წერილმა “ყველაფერს ფარდა ახადა”. “საფრთხეები არის რეალური და საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად. ამიტომ საზოგადოებრივი მოძრაობა იქმნება” – ამბობს ის.

შეგახსენებთ, სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა “ქართული ოცნება” 28 ივნისს დატოვეს. როგორც მაშინ მათ განმარტეს, მათი მხრიდან გარკვეულ თემებზე საჯაროდ საუბარი მმართველ გუნდს უხერხულობას შეუქმნის, ამიტომ უწევთ პარტიის, ფრაქცისაა და საპარლამენტო თანამდებობების დატოვება.

დღეს, 28 ივლისს კი მათ რიგებს გურამ მაჭარაშვილიც შეუერთდა.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა 27 ივლისს გავრცელებულ წერილში დაწერა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 21 მარტს, საქართველოში აშშ-ის ელჩთან შეხვედრა ჰქონდა, რომლის ინიციატორიც კელი დეგნანი იყო.  ბიძინა ივანიშვილიც ამტკიცებს, რომ საქართველოს ომში ჩათრევის სურვილი და მიზანი დღესაც აქტუალურია. მიუხედავად ამისა, ამავე განცხადებაში ის ამბობს, რომ “ოცნებამ” პრინციპული პოზიცია დაიკავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share