”ბოლოს, მივედით იმ დონეზე, რომ ელჩები გამოდიოდნენ და უკვე პირდაპირ აფასებდნენ პოლიტიკას და საკუთარ გადაწყვეტილებებს ახმოვანებდნენ”

„მე ვფიქრობ, რომ ჩვენ თავიდანვე, 2013 წლიდან, ბევრი რამე მივუშვით და ზედმეტის უფლება მივეცით ყველას. ჩვენ ვიცით პარტნიორებიც, მეგობრებიც, ელჩების პატივისცემაც. ალბათ დამეთანხმებით, რომ არასდროს ყოფილა შემთხვევა, როდესაც კონფრონტაცია ხდებოდა,“ – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახი კახიშვილმა ტელეკომპანია „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში.

როგორც კახიშვილმა აღნიშნა, ზოგ შემთხვევაში, ელჩები პირდაპირ აფასებდნენ პოლიტიკურ პროცესებს.

მისი თქმით, დიპლომატიური ეტიკეტი ითვალისწინებს იმას, რომ თუ ელჩს რაიმე საკითხი აქვს, უნდა იმუშაოს კონკრეტული დარგის სამინისტროსთან, ან საპარლამენტო უმრავლესობასთან.

„ბოლოს, მივედით იმ დონეზე, რომ ეხებოდა, არ ეხებოდა, ელჩები გამოდიოდნენ და უკვე პირდაპირ აფასებდნენ პოლიტიკას და საკუთარ გადაწყვეტილებებს ახმოვანებდნენ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენი ელჩი გამოვიდეს რომელიმე ქვეყანაში და დაიწყოს ყველაფრის შეფასება. ელჩი, რა თქმა უნდა, წარმოადგენს თავის ქვეყანას, მაგრამ დიპლომატიური ეტიკეტი ითვალისწინებს იმას, რომ თუ რაღაც საკითხები აქვს, რომელზეც მუშაობს, ამ საკითხების შესახებ უნდა ემუშაოს, ან საპარლამენტო უმრავლესობას, ან სამინისტროებს. მინისტრობის პერიოდში ინტენსიური შეხვედრები მქონდა საელჩოებთან. სიმართლე რომ გითხრათ, არც ერთი საკითხი არ ყოფილა ისეთი, რომელიც მათ დაუსვამთ და ჩვენ არ განგვიხილავს. ასევე, იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის პერიოდში, მაგრამ, ზოგ შემთხვევაში, ვატყობდი და ეს არ მსიამოვნებდა, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ჩემი აზრით, ნაკლები პატივისცემით ეკიდებოდნენ სახელმწიფო ინსტიტუციებს,“ – განაცხადა კახიშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share