პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი “ოცნებიდან განდგომილი” დეპუტატების ანტიდასავლურ რიტორიკას არ ემიჯნება და ამბობს, რომ ნებისმიერ ადამინს აქვს უფლება, ნებისმიერი კითხვა დასვას.
“ჩვენ ვქმნით და ვაშენებთ დემოკრატიულ საზოგადოებას. ნებისმიერ მოქალაქეს, მით უმეტეს პოლიტიკოსს, რა თქმა უნდა, აქვს უფლება გაემიჯნოს გუნდს, რა თქმა უნდა, ეს სამწუხაროა, მაგრამ მათ ეს გზა აირჩიეს, ეს მათი არჩევანია, შესაბამისად, მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ამ პროცესს, გამჭვირვალე, დემოკრატიულ პროცესს არავითარ შეფერხებას არ შევუქმნით, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, რომ ამ დემოკრატიულ საზოგადოებაში, სივრცეში, ნებისმიერი კითხვა დასვას და ეს არის სტანდარტი, რომელიც ჩვენმა გუნდა შემოიტანა ქვეყანაში”, – თქვა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამერიკასთან და ევროპასთან ურთიერთობების გაძლიერებასა და გაუმჯობესებას.
მან არ უპასუხა კითხვას, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია აშშ-ის ელჩისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის შესახებ, ასევე კითხვას, თუ რაზე ისაუბრებს მხარეებმა.
ცნობისთვის, “ოცნებიდან” წასულმა სოზარ სუბარმა დღეს კელი დეგნანის სახელზე კიდევ ერთი წერილი გამოაქვეყნა, ის ისევ ამტკიცებს, რომ როცა ელჩი ივანიშვილს შეხვდა, ეს უკანასკნელი უკვე მძიმე შანტაჟის ქვეშ იყო მოქცეული. ის ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლა სხვადასხვა ფორმით შეიძლებოდა ყოფილიყო გამოხატული. სუბარი ისევ “ომში ჩათრევის რიტორიკას” იმეორებს და ამბობს, რომ ელჩი საქართველოს ომში ჩართვას ივანიშვილისგან ღია ტექსტით არ მოითხოვდა.
კელი დეგნანმა “ოცნებიდან განდგომილი” დეპუტატების ბრალდებებს არაერთხელ უპასუხა. მან განაცხადა, რომ არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ომში ჩართვაზე, ან “შანტაჟზე”. დეგნანი აღნიშნავს, რომ შემაშფოთებელია, რომ “მეორე ფრონტის” შესახებ განცხადებებს “ოცნების” წევრები ეხმიანებიან და რომ ისინი ცუდ სამსახურს უწევენ ქართველ ხალხს