„ამბობენ, რომ სააკაშვილის გარეშე ვართ ნულები, რაც ძალიან დიდი ტყუილია“ – ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ქართული პოლიტიკის დატოვების შესახებ ადვოკატის, ვალერი გელბახიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეს განცხადება ადვოკატების სტრატეგიაა და სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ განუყოფელი ნაწილია.

„ეს ასე არ არის. დაცვის მხარეს აქვს თავისი სტრატეგია, ადვოკატები აკეთებენ თავიანთ საქმეს. მე ვიცი, რომ ეს რეჟიმი სანამ არ დამარცხდება, ჩვენ პოლიტპატიმრებს ვერ ვიხსნით.

მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი და განუყოფელი ნაწილია, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც საუბრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის გარეშე ვართ ნულები, რაც არის ძალიან დიდი ტყუილი და ამას პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილი არ დაეთანხმება. მე ვერ ვხედავ ვერცერთ წევრს „ნაციონალურ მოძრაობაში“, ვინც ნულია, პირიქით, სხვადასხვანაირები ვართ და ჩვენი სიძლიერეც ესაა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტს „ნაციონალური მოძრაობისა“ და ქართული პოლიტიკის დატოვება და უკრაინაში მოღვაწეობის გაგრძელება სურს. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share