შაბათს, 30 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს COVID-19 ხელმეორედ დაუდასტურდა. ამის შესახებ ბაიდენის ექიმის, კევინ ოკონორის წერილი თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა.
ექიმის თქმით, ეს არის “შებრუნების” შემთხვევა, რაც მედიკამენტი “პაქსლოვიდის მკურნალობის ქვეშ მყოფი პაციენტების მცირე პროცენტში გვხვდება”.
ექიმის თქმით, ბაიდენს სიმპტომები არ დაბრუნებია და თავს კვლავ კარგად გრძნობს. აშშ-ს პრეზიდენტი მედიკამენტით მკურნალობას არ გააგრძელებს. ოკონორის თქმით, აქამდე, 26, 27, 28 და 29 ივლისს კოვიდტესტმა ნეგატიური პასუხი აჩვენა, ხოლო 30 ივლისს პოზიტიური.
ჯო ბაიდენმა ოთხშაბათის, 27 ივლისის ტესტის ნეგატიური პასუხის შემდეგ იზოლაციიდან მუშაობა შეწყვიტა. ახლა ბაიდენი კვლავ იზოლაციაში დაბრუნდება.
თავდაპირველად ჯო ბაიდენს COVID-19 21 ივლისს დაუდასტურდა.