“ცხვარიჭამიაში მკვლელობის საქმეზე არცერთი მტკიცებულება არ არის, რომ დადასტურდეს ბრალდება”

20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის, გიორგი ხორავას ადვოკატი გიზო ლურსმანაშვილი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი კონფლიქტის წამომწყები არ ყოფილა და არც არავისთვის მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა:

“მტკიცებულებები გადმოგვეცა, მაგრამ ჩვენი ეჭვი დადასტურდა, არცერთი მტკიცებულება არ არის, რომ დადასტურდეს ის ბრალდება, რაც გიორგი ხორავას წაუყენეს. კერძოდ, ჩვენებებისა და გამოკითხვის ოქმების მიხედვით, აბსოლუტურად არანაირი გარემოებათა ერთობლიობა არ არის, რომ ის იყო კონფლიქტის ინიციატორი ან გამაღიზიანებელი ქმედებების წამომწყები, ფიზიკური შეურაცხყოფაც კი არ მიუყენებია არავისთვის. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ბრალდება აბსურდულია.

რაც შეეხება შუამდგომლობას, სიმართლე გითხრათ, ბრალდების მხარისგან შუამდგომლობა ჯერ არ გადმოგვცემია. დაზუსტებით არ ვიცით, რა სახის შუამდგომლობას შეიტანს. გავეცნობით შუამდგომლობას და ჩვენს აზრს დავაფიქსირებთ სასამართლოში სამართლებრივი ასპექტის კუთხით“,-განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, გიორგი ხორავას ბრალი ხულიგნობის მუხლით წარედგინა.

„გიორგი ხორავა დაკავებულია 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ა პუნქტით, რაც გულისხმობს ხულიგნობას წინასწარ ჩადენილი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ. ბრალდებაც ამავე მუხლით წარედგინა და ამ კუთხით ცვლილებები არ გვაქვს. ერთი მტკიცებულებაც კი არ არის საქმეში, რომელიც ამ ბრალდებას დაადასტურებს“, – განაცხადა ადვოკატმა, გიზო ლურსმანაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share