რა შემთხვევაში მიიღებს პირი 6 თვის განმავლობაში მთავრობისგან 200-ლარიან დახმარებას

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი განმარტავს, რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი, რომ 6 თვის განმავლობაში მთავრობისგან 200-ლარიანი დახმარება მიიღოს.

როგორც მაჭავარიანმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, დახმარებას მიიღებს ყველა ის ადამიანი, ვინც 2020 წლის 1-ელი იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, ორი თვე მაინც მუშაობდა და ამასთან, სამსახური 2020 წლის დეკემბერში, 2021 წლის იანვარში ან თებერვალში დაკარგა.

„პარალმენტმა დაჩქარებული წესით მიიღო რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება, რომლისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. ცვლილებებმა შესაძლებლობა მოგვცა რამდენიმე მნიშვნელოვბანი შეღავათი და საკომპენსაციო პაკეტი შეგვემუშავებინა. პირველი არის 1200 ლარიანი საკომპენსაციო პაკეტი მათთვის, ვინც სამსახური დაკარგა – ეს კვლავ შევა ძალაში. მსგავსი პაკეტი იყო გაზაფხულზეც, როდესაც შეზღუდვები დავაწესეთ. იგივე პაკეტი გავრცელდება 1-ელი დეკემბრიდან 6 თვის განმავლობაში და მოიცავს ყველა იმ ადამიანს, ვინც 2020 წლის 1-ელი ინვრიდან 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით ორი თვე მაინც მუშაობდა – ეს უნდა გამოჩნდეს იმ ანგარიშში, რომელსაც დამსაქმებლები წარადგენენ ხოლმე შემოსავლების სამსახურში. ასევე არის მეორე პირობა, რომ თუ მან დაკარგა სამსახური 2020 წლის დეკემბერში ან 2021 წლის იანვარში ან თებერვალში, 6 თვის განმავლობაში მიიღებს 1200 ლარს. ყოველთვიურად 200-ლარიანი დახმარების პაკეტს“,- განაცხადა მაჭავარიანმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: