42 წლის ქალი, რომელიც დაზიანებებისა და ინფექციის გამო, სენაკის ფსიქიატრიული ჯანმრთელობის ცენტრიდან ქუთაისში, კლინიკა “ბომონდში” გადაიყვანეს, გარდაიცვალა.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ქალი ფსიქიატრიულ კლინიკაში, სავარაუდოდ, დაბმული ჰყავდათ და დაზიანებები სწორედ ამიტომ მიიღო. როგორც ცნობილია, ქალს ფეხის არეში ინფექცია შეეჭრა. გარდა ამისა, მას მენინგიტი განუვითარდა.
42 წლის ქალის შვილი სენაკის ფსიქიატრიული კლინიკის მედიკოსებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ქალის დაბმა საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც ის ნემსის გაკეთებაზე უარს აცხადებდა.
ქალი “ბომონდის” კლინიკაში 10 დღის წინ, 40 გრადუსი სიცხით გადაიყვანეს. კლინიკამ შუა ხნის ქალი მანამ არ მიიღო, სანამ საქმეში პოლიცია არ ჩაერია, რადგან გარეგანი დათვალიერებით, სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდა.
საქმეზე მოკვლევა უკვე დაწყებულია. სენაკის კლინიკის უფროსი პაციენტის დაბმის ფაქტს უარყოფს.