არც სასაზღვრო პოლიციას და არც სამაშველო სამსახურებს თანამედროვე დასავლური ვერტმფრენები არ ჰყავთ. სამაგიეროდ სულ ცოტა ხნის წინ ივანიშვილმა სრულიად ახალი ევროკოპტერი ჩამოიყვანა, აი ის ვერტმფრენი, ევროპიდან რომ არ ატანდნენ სანქციების საფრთხის წინაშე მყოფ მილიარდერს.
ჩრდილიდან მართვა ივანიშვილის სტიქიაა, მაგრამ გასული კვირა ის იშვიათი შემთხვევა იყო, როცა ოლიგაქრმა ჩრდილიდან გამოსვლა გადაწყვიტა. მართალია მხოლოდ ეპისტოლარულ ფორმატში, მაგრამ ამ ფორმატითაც ძალიანა ადვილად იკითხება, რამდენად ეშინია ივანიშვილს სანქციების. მაგრამ გამოჩნდა ისიც, რომ ის დასავლეთთან ახლა უკვე პირდაპირ კონფრონტაციაში შედის.
თავადვე დაადასტურა, რომ სადეპუტატო მანდატიანი ტიტუშკები, რომლებიც ახლა დასავლეთს და განსაკუთრებით აგრესიულად კელი დეგნანს ესხმიან თავს, რეალურად მისი მარიონეტები არიან. ცხადია ისიც, რომ არაფორმალური მმართველი პირადი გამორჩენისათვის ახლა დიდ ვაჭრობას იწყებს. ვაჭრობას ჩვენი ქვეყნის მომავლით და სტრატეგიული ინტერსებით.