„საჭიროა გონივრული რეგულაციები… აკრძალვა არასწორია“ – პარაგლაიდინგის ფედერაცია

გუდაურში 29 ივლისს პარაპლანით ფრენისას ჩამოვარდნილი პილოტისა და ტურისტის გადარჩენის დროს სასაზღვრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 8 ადამიანი გარდაიცვალა. 30 ივლისი კი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ტრაგიკული ამბავზე საუბრისას განაცხადა, რომ პარაპლანით ფრენები პრობლემაა და რეგულაციების გამკაცრებასა, ან საერთოდ აკრძალვაზე სამუშაოა.

უწყების ხელმძღვანელის პოზიციას – ამ სფეროში რადიკალური ზომების გატარების შესახებ არ ეთანხმება პარაგლაიდინგის ფედერაცია, სადაც აცხადებენ, რომ საჭიროა გონივრული რეგულაციების დაწესება და არა აკრძალვა. ამის შესახებ პარაგლაიდინგის ფედერაციის წარმომადგენელმა როსტომ ტალახაძემ დღეს, მედიაცენტრ „მთავარში“ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ფედერაციის და ასევე ხელისუფლების მიზანი ეკონომიკის და ტურიზმის განვითარებაა, ექსტრემალური სპორტის სახეობების განვითარება კი ამის შემადგენელი ნაწილია.

„ექსტრემალური სპორტის სახეობების აკრძალვა და რადიკალიზაცია არასწორად მიმაჩნია, რადგან პარაგლაიდინგის ფედერაციაში შეკრებილი ადამიანები დაინტერესებულები ვართ პირველი, რომ ასეთი ღონისძიებები წარიმართოს უსაფრთხოდ და მეორე – ეკონომიკა და ტურიზმის სექტორი განვითარდეს, ტურისტები კმაყოფილები იყვნენ და ყველაფერი მშვიდ გარემოში განვითარდეს. რადიკალიზაცია, რომ ავკრძალეთ და ამით თავი დავიძვრინოთ პრობლემისგან საკითხს ვერ გადაჭრის, ექსტრემალური სპორტის ეს სახეობა არ განვითარდება და ტურიზმსაც ზიანი მიადგება.

ამიტომ საჭიროა გონივრული რეგულაციების შემოღება, რაც ბევრი მიმართულებით გარკვეული სტანდარტების დანერგვას გულისხმობს. მაგალითად გასაფრენი ადგილის მოწყობას, აღჭურვილობის და პილოტების კვალიფიკაციის რეგულარულ შემოწმებებს და მსგავსი ტიპის ტესტებისა და გამოცდების ერთობლიობას. მსოფლიოდან გარკვეული გამოცდილება უნდა ავიღოთ, რადგან მათ ეს გზა უკვე გაიარეს, თუმცა ამას ლოკალიზაციაც სჭირდება“, – ამბობს როსტომ ტალახაძე.

პარაგლაიდინგის ფედერაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ რეგულაციების მიზანი ადამიანური შეცდომების აღმოფხვრა და ტრაგიკული შემთხვევები მინიმიზაცია უნდა იყოს.

მისი ინფორმაციით, პილოტი, რომელსაც გუდაურში ეს ტრაგიკული ამბავი შეემთხვა, მრავალი წელია დაფრინავს და გამოცდილია, თუმცა იქ შექმნილი მდგომარეობის სხვანაირად მართვა შეუძლებელი იყო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share