დღეიდან, პირველი აგვისტოდან დასრულდა საქართველოში მცხოვრები უკრაინელი მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამა. თბილისსა და აჭარაში უკრაინელ ლტოლვილებს სასტუმროებიდან ქუჩაში უშვებენ, რადგან მათი დაბინავების საფასურს მთავრობა აღარ იხდის.
ამ თემას გამოეხმაურა პარტია დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია. მან ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას პრორუსული ნაბიჯი უწოდა და საზოგადოებას უკრაინელი ლტოლვილების დახმარებისკენ მოუწოდა.
“ამ წუთებში, როდესაც რუსეთი უკრაინაში აგრძელებს კაცობრიობის წინაშე დანაშაულების ჩადენას, ხალხის წამებას, მკვლელობას, სამხედრო დანაშაულების ჩადენას და იქიდან ადამიანები იძულებით მოდიან საქართველოში, ჩვენმა ხელისუფლებამ დღეს ეს ადამიანები პირდაპირ სასტუმროებიდან და სახლებიდან გამოაგდო. დასრულდა რამდენიმე თვიანი პროგრამა, რომლის საშუალებითაც ადამიანებს შეეძლოთ, რომ უბრალოდ ეცხოვრათ და ეკვებათ. ომის პირობებში ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ეს არის გაუგონარი, მტრული და პრორუსული ნაბიჯი. […] მე მოვუწოდებ საზოგადოებას, ბიზნესებს და ხალხს, რომლებსაც შეუძლიათ, რომ ჩვენს ქვეყანას სირცხვილი მოწმინდონ და გვერდში დავუდგეთ ქუჩაში დარჩენილ უკრაინელებს. 2 300 ადამიანი იყო, აქედან დაახლოებით 1 000-მა ან 1 000-ზე მეტმა თავისი ფეხით დატოვა ქვეყანა, პრაქტიკულად ისინი საქართველოდან განვდევნეთ. ახლა დარჩენილია დაახლოებით 1 000-მდე ადამიანი. დღეს ჩვენ გონიო-ქობულეთიდან 21 ოჯახი გამოგვყავს და მათ უნდა ვუპოვოთ ადგილი, სადაც წავლენ, სასტუმროები ან სახლები. თბილისის სხვადასხვა სასტუმროდან კი ამ დროისთვის გამოგვყავს 30 ოჯახი”. თქვა ხოშტარიამ.
ხოშტარიას განცხადებით, ის და მისი პარტია ხალხთან ერთად არცერთ უკრაინელ ლტოლვილს ქუჩაში არ დატოვებს.
“დღის ბოლოს გვექნება სრული სურათი, თუ რამდენი ადამიანი ითხოვს სახლს, კვებასა და ელემენტარულ პირობებს. ეს არ არის აუტანელი რიცხვი. შესაძლებელია, რომ ჩვენ ამას გავუმკლავდეთ. ყველამ ჩვენი წვლილი შევიტანოთ, თითო თეთრი, თითო საკვები, თითო ბინა, თითო სასტუმრო. ნებისმიერი რაიმეს გაზიარება დღეს ამ ადამიანებისთვის გვერდში დგომა იქნება. ჩვენ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არცერთ უკრაინელს ქუჩაში არ დავტოვებთ. გადავანაწილებთ ოფისებში, სახლებში, ყველგან და მოგიწოდებთ, რომ ამ ყველაფერში მონაწილეობა თქვენც მიიღოთ. ამ ადამიანებს შორის არიან შშმ პირები, დაჭრილი და ავადმყოფი ბავშვები, მოხუცები, პენსიონერები. ომგამოვლილი და ტრავმირებული ადამიანები. ამიტომ, დავდგეთ ერთად და გვერდში დავუდგეთ უკრაინელებს”. – ამბობს ხოშტარია.
პირველი აგვისტოდან თბილისის მერიამ დაასრულა თბილისში მცხოვრები უკრაინელი მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამა. ამ მიზნით, დედაქალაქის ბიუჯეტიდან სულ 14 მილიონი ლარი დაიხარჯა.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 ივლისის #1254 განკარგულების შესაბამისად, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეები ამა წლის 15 ივლისიდან იღებენ ფულად დახმარებას – ოჯახზე 300 ლარს და დამატებით სულზე 45 ლარს. ამას გარდა, საერთაშორისო ორგანიზაციები (World Vision და UNHCR) განიხილავენ სულზე 235 ლარიან დახმარების პაკეტს.