ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ბლექ სი არენა ამინდის დაზღვევას აკეთებს და 9 კონცერტის დაზღვევაში 48 500 ლარს იხდის. 2020-21 წლებში დარბაზი ბიძინა ივანიშვილის კომპანიამ შეაკეთა, რაც ბლექს სი არენას 110 000 დაუჯდა.
ორგანიზაციის ცნობით, ბლექ სი არენამ 2021 წელიც 5 019 000 მილიონის ზარალით დაასრულა და 2017 წლიდან აკუმულირებულმა ზარალმა ჯამში 23 მილიონ ლარს გადააჭარბა.
2022 წლის საოპერაციო ხარჯების დასაფარად ბლექ სი არენამ სახელმწიფოსგან 3 მილიონი ლარი მიიღო, ხოლო 2017 წლიდან მიღებულმა სუბსიდიამ 41 451 000 შეადგინა.
“ბლექ სი არენა, 2022 წლის სეზონისთვის, 48 500 ლარს იხდის ამინდის დაზღვევაში, რომელიც ითვალისწინებს მხოლოდ ამინდის გამო კონცერტის ჩაუტარებლობას. ზარალი არ ანაზღაურდება, თუკი მაგალითად წვიმიანი ამინდის გამო ღონისძიებაზე დამსწრეთა რაოდენობა შემცირდება – “ამინდმა ფიზიკურად შეუძლებელი უნდა გახადოს ღონისძიების ჩატარება”. 2020 წელს, ბლექ სი არენამ შპს ელიტა ბურჯს სცენის შეკეთებისთვის 70 000 გადაუხადა, მაშინ როდესაც ამავე პერიოდში არცერთი ღონისძიება არ გამართულა. ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია ექსკლუზიურად უზრუნველყოფს საკონცერტო დარბაზთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულებას”, – წერია ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციაში.